დავით სერგეენკო : გრიპის ეპიდემიაზე საუბარი არ არის, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, ოჯახის ექიმებს ავტომობილებით უზრუნველვყოფთ

ხაზგასმით ვამბობ, გრიპის ვირუსის ეპიდემიაზე საუბარი არ არის, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისი თქმით, წინა წლების მსგავსად, აღნიშნულ პერიოდში გრიპის ვირუსის შემთხვევებზე სასწრაფო დახმარების გამოძახების რაოდენობა გაზრდილია.

„გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებების რაოდენობა სეზონურად ყოველწლიურად იმატებს, წელიწადში მინიმუმ ორჯერ. ახლაც, როგორც მოსალოდნელი იყო, დეკემბრის ბოლოს ჩვენ გაზრდილ რაოდენობას ველოდებოდით. ხაზგასმით ვამბობ, ეპიდემიაზე, რა თქმა უნდა, საუბარი არ არის. როგორც წინა წლებში, ავადობის შემთხვევათა რაოდენობა გაზრდილია. შესაბამისად, მომატებულია სასწრაფო დახმარებების გამოძახების რაოდენობაც.

მონიტორინგს ვაკეთებთ და საჭიროების შემთხვევაში, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებს 24-საათიან რეჟიმში გადავიყვანთ, ოჯახის ექიმებს კი ავტომობილებით უზრუნველვყოფთ. თუმცა მინდა, მოსახლეობას მივმართო, რომ გრიპის ვირუსის სიმპტომების, მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში, თვითმკურნალობა არ დაიწყონ და ექიმს მიმართონ“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

banner
წინა სტატიაშიზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების ხანდაზმულობის ვადა შესაძლოა, ხუთი წლით გაგრძელდეს
შემდეგი სტატიაგიორგი ჯავახიშვილმა ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატობაზე უარი თქვა