ჟურნალისტის მკვლელობის გამო ტრამპი და გაერო საუდის არაბეთს დასჯით ემუქრებიან

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საუდის არაბეთი გააფრთხილა, რომ მკაცრად დაისჯება, თუკი გაირკვევა, რომ გარეულია Washinton Post-ის ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის მკვლელობის საქმეში. ტრამპმა თქვა, რომ აშშ საქმის გარკვევას ცდილობს და ძალიან გაბრაზდებიან, თუკი დადასტურდება, რომ ხაშოგი საუდის არაბეთის საკონსულოს შენობაში მოკლეს 2 ოქტომბერს, სტამბოლში.

ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ ერ-რიადსა და აშშ-ს შორის სავაჭრო კავშირებს არ სურს ზიანი მიაყენოს.
ტრამპის განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა, საუდელი ჟურნალისტის შესახებ, სიმართლის დადგენა მოითხოვა. მისი თქმით, საშიშია, რომ მსგავსი შემთხვევები “ახალი ნორმა” გახდება – “ბიბისი” წერს.

BBC-ის თურქეთის სპეცსამსახურებში საკუთარმა წყარომ აცნობა, რომ არსებობს საკონსულოში ჟურნალისტის მკვლელობის აუდიო და ვიდეო-ჩანაწერი, ერთ-ერთ ვიდეოზე კი აღბეჭდილია უკვე ცხედრის დანაწევრება. ჩანაწერები ჟურნალისტის iCloud-ზე გახდა ხელმისაწვდომი. ხაშოგმა საკონსულოში შესვლამდე თავის საცოლეს, რომელიც გარეთ ელოდებოდა, ტელეფონები დაუტოვა. საცოლემ ღრუბელის პაროლი იცოდა. დიდი ალბათობით, საკონსულოში ჟურნალისტის მკვლელობის შემდეგ ჩანაწერების წაშლას შეეცადნენ, თავდაპირველად, არასწორი პაროლი შეიყვანეს, შემდეგ, ხაშოგის თითების ანაბეჭდი გამოიყენეს, თუმცა საათ Apple Watch-ს მფლობელის თითების ანაბეჭდზე წვდომა არა აქვს. ასეთი საათები იწერენ ხმას და შემდეგ Bluetooth-ის მეშვეობით სინქრონირებენ ტელეფონთან, თუკი ის შორს არ არის.
საუდის არაბეთი ყველა ბრალდებას სიცრუეს უწოდებს და აცხადებს, რომ თვითონაც დაინტერესებულია სიმართლის გაგებაში.

ჟურნალისტი 2 ოქტომბერს საუდის არაბეთის საკონსულოში გაყრის საბუთების მოსაგვარებლად მივიდა, რომ შემდეგ თურქეთის მოქალაქეზე ექორწინა. შეხვედრის დრო ჩანიშნული იყო. გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს რომ ჟურნალისტი საკონსულოში შედის. ასევე, გავრცელდა ვიდეო, სადაც საუდის არაბეთის სპეცსამსახურების თანამშრომლები საკონსულოს შენობაში შედიან.
თურქული მედიის ინფორმაციით, ხაშოგის გაქრობის საქმეში სულ 15 ადამიანია ჩართული.

თურქეთის ოფიციალური პოზიცია ასეთია – მათ იციან ჟურნალისტის გაქრობაზე და ფიქრობენ, რომ ის მოკლულია. ამის მიუხედავად, საქმეს საუდელ კოლეგებთან ერთად იძიებენ.
ხაშოგის გაქრობა საუდის არაბეთის რეპუტაციაზე უარყოფითად მოქმედებს, ასევე, ნეგატიურად მოქმედებს მემკვიდრე პრინც მოჰამედ ბინ-სალმანის რეპუტაციაზე – ექსპერტები ამბობენ.

Amnesty International-ი და სხვა უფლებადამცველი ორგანიზაციები საუდის არაბეთის მთავრობისგან ხაშოგიზე სწორი ინფორმაციის გავრცელებას ითხოვენ. დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მას, ჯერჯერობით, ჟურნალისტის დაკარგვასთან დაკავშირებით, არ უსაუბრია საუდის არაბეთის მეფესთან, მაგრამ მალე დაურეკავს – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიუძრავი ქონება, რომელიც “ოცნების” წევრებმა 2012 წლის შემდეგ დააგროვეს (ვიდეო)
შემდეგი სტატიაუკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის გამო რუსეთს “ადეკვატური და მკაცრი პასუხი” ექნება