უძრავი ქონება, რომელიც “ოცნების” წევრებმა 2012 წლის შემდეგ დააგროვეს (ვიდეო)

მმართველი პარტიის მაღალჩინოსნების ქონება – კურიერის აეროგადაღების კამერამ მათი ფეშენებელური სასახლეები დააფიქსირა, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შეიძინეს.

თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია, 2012 წლამდე უძრავ ქონებას არ ფლობდა. მინისტრის მეუღლის, ლანა მანჯგალაძის, სახელზეა გაფორმებული ერთ-ერთი სახლი დიდი ვერანდით.

დოკუმენტებით დგინდება, რომ სამსართულიანი შენობა იზორიამ შს მინიტრის მოადგილის პოსტზე მუშაობისას აიშენა. იზორიას კიდევ ერთი სახლი კი დიღომი შვიდში მდებარეობს, რომელიც ასევე მეუღლის სახელზეა გაფორმებული. 11-მეტრიან შენობას ახლა თავდაცვის მინისტრის უსაფრთხოების სამსახური იცავს.

კურიერის აეროგადაღების კამერის შემდეგი ობიექტი საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, მიხეილ ჯანელიძისმ სახლია. ძმები კარბელაშვილების ქუჩაზე საგარო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა სახლის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო, როდესაც ის ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.

ჯანელიძეს ასევე აქვს მეორე სახლი თბილისის ცენტრში, შატბერაშვილის ქუჩაზე. უძრავი ქონება ყოფილმა მინისტრმა 2017 წელს შეიძინა და 117 ათასი დოლარი გადაიხადა.

დოკუმენტებით ირკვევა, რომ პროექტი არქიტექტორს მინისტრმა რამდენჯერმე შეაცვლევინა, დააკორექტირეს ფასადი და შეღებვის ნაცვლად, ის ქვით მოაპირკეთეს.

სუს-ის უფროსის, ვახტანგ გომელაურის, სახლის გადაღების უფლება კურიერის კამერას დაცვის სამსახურმა არ მისცა.

გომელაურის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მას 2013 წელს თბილისში ორი ბინა ჰქონდა, დღეს ეს ჩამონათვალი ბევრად გაიზარდა.

ერთ-ერთი სახლი ტაბახმელაში მდებარეობს, რომელიც გომელაურის მეუღლის, ნინო კუდუხაშვილის, სახელზეა გაფორმებული. ფეშენებელური სახლის გაგრძელებაა 858 კვ. მიწის ნაკვეთიც, რომელიც სუს-ის უფროსმა შვილის, ანა გომელაურის, სახელზე გააფორმა.

გომელაურის მეზობლად მდებარე მიწის ნაკვეთიც – 2000 კვადრატული მეტრი მიწა, რაც ადგილობრივების თქმით, გომელაურს ეკუთვნის.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2000 კვადრატული მეტრი მიწა ტაბახმელაში ნიკა ომარაშვილს ეკუთვნის, რომელიც სუს-ის თანამშრომელია. ომარაშვილის დედა ამბობს, რომ მის შვილს არანირი მიწა ტაბახმელაში არა აქვს და არც ფული აქვთ სახლის ასაშენებლად.

გომელაურის მეზობელი ტაბახმელაში მოსამართლე მანანა კობახიძეა, მან 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მცირე სახლთან ერთად 2017 წელს შეიძინა, როდესაც პარლამენტიდან საკონსტიტუციო სასამართლოში გადაინაცვლა.

უმრავლესობის წევრმა, ირაკლი სესიაშვილმა, კი 1000 კვ მეტრ მიწის ფართობზე 310 კვ საცხოვრებელი სახლი ააშენა. აეროგადაღების კამერიდან ჩანს, რომ ჩინოვნიკების სახლებს შორის სესიაშვილს ყველაზე მდიდრული აპარტამენტები აქვს.

უძრავი ქონება გააფართოვა ზვიად ძიძიგურმაც მას შემდეგ, რაც ოპოზიციიდან სახელისუფლებო გუნდში მოხვდა. 2018 წლის ქონებრივი დეკლარაციიდან კი ირკვევა, რომ დეპუტატმა 685 კვ მიწაზე სამსართულიანი სახლი ააშენა.

ბათუმის ცენტრში სუს-ის რიგითი თანამშრომლის 13 წლის შვილს ოთხსართულიანი სახლი ეკუთვნის. ეჭვს ის ბადეს ის, თუ რა შემოსავლებით აიშენა ფეშენებელური ვილა ჯემალ ბოლქვაძის მამამ, ემზარ ბოლქვაძემ, რომელიც სუს-ში ხულო-ქედა-შუახევის კურატორია.

მეზობლები კურიერს უყვებიან, რომ 454 კვ ფართობის სახლი ორი წლის წინ აშენდა, მიწის ნაკვეთი კი ემზარ ბოლქვაძემ ვინმე ასლან ჩიკვაიძისგან შეიძინა.

 

https://youtu.be/hNBRZ2tl3Is

 

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილის შტაბი – ჩვენი ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილს, რომელსაც სალომე ზურაბიშვილის სარეკლამო მაისურები გადაჰქონდა, ცეცხლი გაუჩნდა
შემდეგი სტატიაჟურნალისტის მკვლელობის გამო ტრამპი და გაერო საუდის არაბეთს დასჯით ემუქრებიან