მედიასააგენტო Reuters-ი წერს, რომ აშშ-მ გასულ კვირებში უკრაინას საიდუმლოდ გადასცა ATACMS-ის შორ მანძილზე მოქმედი მაღალი სიზუსტის რაკეტები, რომლებიც უკრაინელებმა ორჯერ უკვე გამოიყენეს. ამის შესახებ მედიასთან წყაროები საუბრობენ.
წყაროს თქმით, რაკეტები შედიოდა 300 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტში, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 12 მარტს დაამტკიცა. ამერიკელმა მაღალჩინოსანმა, რომელმაც Reuters-თან ანონიმურად ისაუბრა, არ დააზუსტა გადაცემული რაკეტების რაოდენობა.
Reuters-თან საუბარში წყარომ დაადასტურა, რომ 17 აპრილს ოკუპირებულ ყირიმზე მდებარე ქალაქ ჯანკოის სამხედრო აეროდრომზე იერიში უკრაინელებმა სწორედ ATACMS-ებით მიიტანეს. მაშინ გავრცელდა ცნობები და ფოტოები, რომელთა მიხედვითაც რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მნიშვნელოვანი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები, მათ შორის С-400-ები დაკარგეს.
მაღალჩინოსნის თქმით, მეორეჯერ ATACMS-ი უკრაინელებმა ერთი დღის შემდეგ, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით გამოიყენეს.
ბაიდენის ადმინისტრაციაში დიდი ხნის განმავლობაში განიხილავდნენ, გაეგზავნათ თუ არა უკრაინისთვის ATACMS-ის რაკეტები, რომლებსაც 300 კილომეტრის რადიუსი გააჩნიათ. გასული წლის სექტემბერში კიევს მხოლოდ საშუალო მანძილის ATACMS-ები მიაწოდეს.
პენტაგონში აშფოთებდათ, რომ ამ რაკეტებით უკრაინელებს შესაძლოა რუსეთის ტერიტორიაზე იერიშები მიეტანათ. როგორც Reuters-ის წყარო ამბობს, აშშ-ში შეხედულებები მას შემდეგ შეიცვალეს, რაც, ვაშინგტონის საჯარო და ფარული გაფრთხილების მიუხედავად, რუსეთმა დეკემბერსა და იანვარში უკრაინის წინააღმდეგ ჩრდილოეთ კორეის მიერ მიწოდებული ბალისტიკური რაკეტები გამოიყენა.
ამას გარდა, ანონიმური მაღალჩინოსნის თქმით, გადაწყვეტილების კიდევ ერთი განმაპირობებელი მიზეზი იყო ფაქტი, რომ რუსეთი მიზანში იღებს უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას.
“ჩვენ რუსეთი ამაზე გავაფრთხილეთ. მათ სამიზნეში ამოღება განაახლეს.” – თქვა წყარომ.
როგორც Reuters-ი წერს, ATACMS-ებისთვის ფინანსების გამოყოფის შესაძლებლობა გაჩნდა მარტში, პენტაგონის კონტრაქტების შედეგად.