ზელენსკი – იქნებ არ ვიყენებთ ჩვენი ლიდერობის სრულ პოტენციალს? ეს არის ჩემი კითხვა აშშ-ის მიმართ, დროა, ვიყოთ გავლენიანები 100 პროცენტით, ჩვენ შეგვიძლია ტირანიის დამარცხება

მსოფლიოში მილიონობით ადამიანს შიმშილი ემუქრება, თუ რუსეთის მიერ შავი ზღვის ბლოკადა გაგრძელდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალ „თაიმის“ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, რუსული ფლოტი ბლოკავს უკრიანის შავი ზღვის პორტებს, რის გამოც მსოფლიო საშინელი სასურსათო კრიზისის წინაშე აღმოჩნდა.

„რუსული ფლოტი და არა ბრიტანული ან რომელიმე სხვა ბლოკავს უკრიანის შავი ზღვის პორტებს ისე, რომ მსოფლიო აღმოჩნდა საშინელი სასურსათო კრიზისის წინაშე. ეს არ არის მხოლოდ ფასის ზრდის კრიზისი. ჩვენ არ შეგვიძლია ექსპორტზე ჩვენი ხორბლის, სიმინდის, მცენარეული ზეთისა და სხვა პროდუქტების გაგზავნა, რომლებიც ასრულებდნენ გლობალურ ბაზარზე სტაბილიზაციის როლს. ეს ნიშნავს, რომ მსოფლიოს ათობით ქვეყანაში, სამწუხაროდ, შეიძლება, შეიქმნას პროდუქტების ფიზიკური უკმარისობა. შეიძლება, დაიწყოს შიმშილი მილიონობით ადამიანისთვის, თუ რუსეთის მიერ შავი ზღვის ბლოკადა გაგრძელდება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკიმ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა ჟურნალ „თაიმის“ მიერ დასახელებულ მსოფლიოს ხუთ ყველაზე გავლენიან ადამიანზე, რომელთა სიაში პირველ ადგილზე თავად უკრაინის პრეზიდენტია.

„წელს ყველაზე გავლენიან ხუთ ადამიანს შორის ჩემ გარდა, არიან ილონ მასკი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, მედიკოსები, რომლებიც კოვიდს ებრძოდნენ და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. ეს სია შედგენილია მაშინ, როდესაც ევროპაში ბოლო 77 წლის განმავლობაში ყველაზე საშინელი ომი მიმდინარეობს. ომი, რომლის შეჩერებაც ჩვენ ჯერ არ შეგვიძლია. რატომ არ შეგვიძლია სისხლისღვრის შეჩერება? რატომ არ მუშაობს სრულად ჩვენი გავლენა? რატომ ჰყავს მძევლად მილიონობით ადამიანი პირს, რომელიც საერთოდ არ არის ჩვენს სიაში?

ყველაზე გავლენიანი ადამიანების ხუთეულში მეორე ადგილზე ილონ მასკია. ადამიანი, რომელიც კოსმოსში რაკეტებს უშვებს და მსოფლიოს გაოცება შეუძლია. ადამიანი, რომელიც ტექნოლოგიებისთვის და ინტელექტისთვის შესაძლებლობების ახალ სივრცეს ხსნის. თუმცა მსოფლიო ლიდერების აზრი დაკავებულია არა ილონით, არა მისი რაკეტებით, რომლებიც ცხოვრების პროგრესს უზრუნველყოფს. მსოფლიო ლიდერების მოსაზრებები ეძღვნება იმას, ვინც რაკეტებს ესვრის მშვიდობიან ხალხს და ანადგურებს სიცოცხლეს. ფართომასშტაბური ომის 105 დღის განმავლობაში რუსეთმა უკრაინული ქალაქების წინააღმდეგ 2 600-ზე მეტი სხვადასხვა რაკეტა გამოიყენა“, – აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომი „კოვიდ-19“-ის პანდემიას შეადარა და განაცხადა, რომ იარაღი და სანქციები – ასევე ვაქცინაა.

„იარაღი და სანქციები – ასევე ვაქცინაა კოვიდ-22-ის წინააღმდეგ რომელიც რუსეთმა მოიტანა. სიძულვილი – არის ვირუსი და ის კიდევ უფრო მომაკვდინებელია, ვიდრე „კოვიდ-19“. ის ვრცელდება პროპაგანდის, მკვლელების, დაუსჯელობის საშუალებით. რუსული ნავთობის საშუალებით, რომელიც ჯერ კიდევ წარმოდგენილია გლობალურ ბაზარზე. ფულის საშუალებით, რომელიც ჯერ კიდევ მოძრაობს გლობალურ ფინანსურ სისტემასა და რუსულ ბანკებს შორის. მსხვილი კომპანიების საშუალებით, რომლებიც ჯერ კიდევ ფიქრობენ, რომ რუსული ბაზრიდან მიღებულ ფულზე ბევრი სისხლი არ არის, იმის მიუხედავად, რომ ათობით ათასი ადამიანი დაიღუპა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ახლა მთავარი კითხვა არის, როდის დასრულდება რუსეთის ომი უკრაინაში.

„რატომ არ არის ამ კითხვაზე ამ დრომდე პასუხი? რატომ არ ჰყოფნის ამისთვის ჩვენი გავლენა? ნუთუ ჩვენ მშიშრები ვართ? არა. იქნებ რამე გამოვტოვეთ ჩვენს ნამდვილ ძალაში? იქნებ ჩვენ არ ვიყენებთ ჩვენი გავლენის და ლიდერობის სრულ პოტენციალს? ეს არის ჩემი შეკითხვა აშშ-ის მიმართ – პარტიისა და საზოგადოების მიმართ; დემოკრატების, რესპუბლიკელების, კონგრესისა და პრეზიდენტის მიმართ. დროა, ვიყოთ გავლენიანები 100 პროცენტით. ჩვენ შეგვიძლია ტირანიის დამარცხება. ჩვენ შეგვიძლია თავისუფლების საიმედო დაცვა. ჩვენ შეგვიძლია, შევაჩეროთ შანტაჟი, რომელსაც მიმართავს ადამიანი, რომლის ადგილი ჩვენს სიაში საერთოდ არ არის. თუ ჩვენ ეს შეგვიძლია, ესე იგი, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ, ვინაიდან გავლენა გვავალდებულებს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშისტანისლავ პოლჩაკი – ვფიქრობთ, კიდევ ერთხელ უნდა დავარწმუნოთ ქართველი ხალხი, რომ მათ აქვთ ადგილი ევროპაში ჩვენს ოჯახში, იმ სახელმწიფოების ოჯახში, სადაც პატივს სცემენ კანონის უზენაესობას
შემდეგი სტატიაუსუფაშვილი – ახლა რას გვეტყვიან „ქართულ ოცნებაში“, დღეს 400-500 ევროპარლამენტარის პოზიცია რომ დაფიქსირდება საქართველოზე?