(VIDEO) აზერბაიჯანელი თაღლითების ტყვეობაში – 19 ქართველი სამშობლოში ვერ ბრუნდება

მიმდინარე წლის 10 მაისს ,,თაიმერმა,, მკითხველს ექსკლუზიურად მიაწოდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, საქართველოს 19 მოქალაქე (ქართული გადამზიდავი კომპანიის მძღოლები), აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, იმიშლის რაიონში, ძალიან ცუდ პირობებში, თვეზე მეტ ხანს, ტვირთის მფლობელი აზერბაიჯანული კომპანიის არაკეთილსინდისიერი მოქმედებების გამო, იძულებით იყო გაჩერებული და მათ უფლებებზე, არც აზერბაიჯანული მხარე და არც საქართველოს საელჩო არ ზრუნავდა.

იმავე 10 მაისს, საქართველოს საგარეო უწყებამ, აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოზე დაყრდნობით, ,,თაიმერის,, ინფორმაციის პასუხად, გავრცელდა ოფიციალური რელიზი, რომლის მიხედვითაც ჩვენმა საელჩომ მიმდინარეწლის 1 მაისს ,,ოფიციალურად,, გაიგო, 10 აპრილიდან იმიშლიში მყოფი მძღოლების მდგომარეობის შესახებ და იმ დღიდან ჩაერთო ამ პრობლემის მოგვარებაში. თუმცა რატომღაც, საელჩოს თანამშრომლები მხოლოდ 10 მაისს ჩავიდნენ იმიშლიში.

როგორც ,,თაიმერს,, ექსკლუზიურად აცნობეს, 10 მაისს, იმიშლიში ჩასულმა საქართველოს საელჩოს თანამშრომლებმა და ვიცეკონსულმა, აზერბაიჯანულ და ქართულ კომპანიებს შორის მედიატორის როლი შეასრულეს, რომლის მიხედვითაც მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ აზერბაიჯანული კომპანია, ქართულ კომპანიას ჩაურიცხავდა გადაზიდვის მეორე ეტაპის, 25 რეისის ანაზღაურებას (დაახლოებით 37.000 დოლარს), რაც საკმარისი იქნებოდა, რომ ქართულ კომპანიას ტვირთი დაეცალა, მძღოლებისათვის თანხა გადაეხადა და საქართველოში გამოესტუმრებინა, ხოლო დანარჩენ თანხებზე (პირველი 21 რეისის და მოცდენის ღირებულების) – მხარეები ქართულ და აზერბაიჯანულ სასამართლოებში იდავებდნენ. შეთანხმების მიხედვით, აზერბაიჯანული კომპანია ამ თანხას – 13 მაისს ჩარიცხავდა. თუმცა აზერბაიჯანულმა კომპანიებმა, ამჯერადაც დაარღვიეს შეთანხმება და 13 მაისს თანხის ჩარიცხვამდე, მათ წინააღმდეგ საქართველოში და აზერბაიჯანში არძრული სარჩელების გაუქმება და საქართველოში დაყადაღებულ ანგარიშებზე ყადაღის მოხსნა მოითხოვეს, რასაც ქართული კომპანია, ბუნებრივია არ დათანხმდა. აზერბაიჯანელებმა ამჯერად, ქართულ კომპანიასთან ერთად, მოლაპარაკების პროცესში ჩართული საქართველოს საელჩოც მოატუყეს.

მკითხველისთვის ალბათ საინტერესო იქნება, თუ როგორ და საიდან დაიწყო ეს ქართულ-აზერბაიჯანული ბიზნეს-ინციდენტი. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ აზერბაიჯანული კომპანია Grandmotors-ი, საქართველოში წარმომადგენლობის მქონე ასევე აზერბაიჯანული კომპანია Azfert-ის მეშვეობით, ქალაქ ფოთში დაუკავშირდა ქართულ გადამზიდავ კომპანია MSF -ს (Marine Shiping and Forwarding) და სთხოვა მას საკუთრი ტვირთების (ეგვიპტიდან იმპორტირებული ძვირადღირებული სასუქის) ფოთიდან აზერბაიჯანის ქალაქ იმიშლიმდე გადაზიდვა. ტვირთი უნდა წამოსული რამდენიმე ეტაპად და პირველი 21 კონტეინერის გადაზიდვის შემდგომ, ქართულმა გადამზიდავმა კომპანიამ კუთვნილი ანაზღაურება მოითხოვა, რაზეც აზერბაიჯანიდან შემოუთვალეს, რომ თანხა უკვე ჩარიცხული იყო. თუმცა ქართული კომპანიის ანგარიშზე თანხა არ მოსულა, რის გამოც საბანკო გადარიცხვის დოკუმენტი მოითხოვეს. აზერაიჯანიდან გამოგზავნილი დოკუმენტში, მითითითებული იყო ქართული კომპანიის სახელწოდება, თუმცა ანგარიშის ნომრად – ოფშორული ბანკის ანგარიში, რომლის მსგავსიც ქართულ კომპანიას არსად და არასდროს ჰქონია.

აზერბაიჯანელები ამ ფაქტს ხსნიდნენ იმით, რომ ქართული კომპანიის მიერ ინვოისის გაგზავნის შემდეგ, თითქოსდა მათ, ქართული კომპანიის კოორპორაციული ელექტრონული ფოსტის მსგავსი მეილით, განმეორებით დაუკავშირდნენ და უკვე განსხვავებული ანგარიშის მქონე ინვოისი მიაწოდეს. ამ თემაზე ქართული კომპანიის პროტესტის შემდგომ, აზერბაიჯანულმა კომპანიებმა განაცხადეს, რომ ადგილი ჰქონდა გაუგებრობას, ისინი თვითონ მოაგვარებდნენ ამ ამბავს და არასწორი მისამართით გაგზავნილ თანხას უკან დაიბრუნებდნენ. ქართველებს კი სთხოვეს, რომ ტვირთების მეორე ეტაპის, ამჯერად უკვე 25 კონტეინერის გადაზიდვა დაეწყოთ და კონტეინერების აზერბაიჯანში დაცლამდე ჩაურიცხავდნენ როგორც პირველი ასევე მეორე ეტაპის (46 კონტეინერის) ანაზღაურებას ერთდროულად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართულ კომპანიას შეეძლო ტვირთის დაცლის უფლება არ მიეცა აზერბაიჯანული კომპანიისთვის, რასაც ქართული კომპანია MSF-ი დათანხმდა.

მიმდინარე წლის 10 პრილისთვის, ქართულ გადამზიდავ კომპანიას, ტვირთის მეორე ნაკადი (25 კონტეინერი) უკვე ჩატანილი ჰქონდა აზერბაიჯანის იმიშლის რაიონში და 25-დან 6 კონტეინერიც დაიცალა, როდესაც აზერბაიჯანულმა კომპანიებმა ახალი პირობა წამოაყენეს, რომლის მიხედვითაც ქართულ კომპანიას ჩათვლილად უნდა ეღიარებინა აზერბაიჯანელების მიერ გაურკვეველ ანგარიშზე – ოფშორში გადარიცხული თანხა… და მხოლოდ ამის შემდეგ ჩარიცხავდნენ მეორე ნაკადის (25 კონტეინერის) გადაზიდვის თანხას. ამ ფაქტმა საბოლოოდ დაარწმუნა ქართული კომპანიის მესვეურები, რომ აზერბაიჯანული კომპანიები თაღლითური გზით ცდილობდნენ დავალიანებისაგან თავის დაღწევას და ,,გადაგდებას,, უპირებდნენ ქართველებს, რის გამოც 10 აპრილს, იმიშლიში მდგარი 19 დატვირთული მანქანის დაცლაზე და ტვირთის მეპტრონისათვის გადაცემაზე უარი განაცხადეს, ტვირთის დაყადაღება და მოცდენის (ე.წ. ,,პრასტოის,,) ანაზღაურებაც მოითხოვეს. ქართული კომპანიის მესვეურები მყარად არიან დარწმუნებულნი, რომ აზერბაიჯანული კომპანიის ხელმღვანელობას თაღლითური სქემა თავიდანვე ჰქონდა მოფიქრებული და ნებისმიერ ქვეყანაში, მათ მიერ გაყალბებულ დოკუმენტებს და თაღლითურ ქმედებებს, ობიექტური გამოძიება მარტივად გაშიფრავს.

თაღლითურად მოქმედი აზერბაიჯანული კომპანიების გამო დაწყებული 19 ქართველი მძღოლის ტანჯვა წამება იმიშლის რაიონის მტვრიან მინდორზე, სადაც მათ 35 დღეზე მეტია არანაირი პირობები არ გააჩნიათ, არ შეიძლება უვდოდ, ან გაჭიანურებული გამოძიების დასრულებამდე გარძელდეს, ამიტომ მათი უფლებების დასაცავად საჭიროა ჩვენმა ხელისუფლებამ ეფექტურად იმოქმედოს. ამასთანავე, მძღოლების და ავტომანქანების მფლობელთა დავალიანება, მოცდენის დღეებში, უკვე აჭარბებს გადაზიდვის მთლიან ღირებულებას, რისი გადახდის არც ვალდებულება და არც საშუალება ქართულ კომპანიას ამ დროისთვის არ გააჩნია. აქედან გამომდინარე, აზერბაიჯანული კომპანიიდან თანხის ჩარიცხვის გარეშე, ტრაილერების დაცლა და მანქანების იქიდან გამოყვანა, როგორც ქართული კომპანიისათვის, ასევე ქართველი მძღოლებისათვის, ამდენი ხნის განმავლობაში შექმნილი პრობლემებიდან, არაფრის გარეშე გამოსვლას, ანუ თანხისა და ანაზღაურების გარეშე დარჩენას ნიშნავს. ამიტომ, საგარეო უწყების მიერ 10 მაისს გავრცელებულ ინფორმაციაში მოხსენიებული ფრაზა ,,ქართველ მძღოლებს შეეძლოთ და დღესაც შეუძლიათ აზერბაიჯანის ტერიტორიის დატოვება,, ნიშნავს იმას, რომ ამ უწყებაში არ შეუძლიათ ქართველთა უფლებების დაცვა საზღვრებს გარეთ და თანახმა არიან, რომ ეს სიტუაცია, უცხოელი თაღლითების სასარგებლოდ და ქართველთა გაკოტრების ხარჯზე დასრულდეს!
აზერბაიჯანელი თაღლითების ტყვეობაში მყოფმა ქართველმა მძღოლებმა ახალი ვიდეომიმართვა (რუსულ ენაზე ჩაწერეს), სადაც 10 მაისის შემდგომ და მანამდე მომხდარ მოვლენებს განიხილავენ და აზერბაიჯანის ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.

P.S. ,,თაიმერი,, კვლავ გააგრძელებს თვალყურის დევნებას აზერბაიჯანში ქართული კომპანიის მძღოლებთან დაკავშირებულ მოვლენებზე და უახლოეს ხანებში მოგაწვდით ახალ ინფორმაციებს.

https://www.youtube.com/watch?v=79T1aBe4J80&feature=share&fbclid=IwAR16oJhk9dBDzWM7sZc9zA0sIOAejeh8isR8qIprTCGkdhpyoPhhrYZ0upY

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე : თუ ადრე ამომრჩეველს ლამაზი ყუთით კარტოფილს მიართმევდნენ, ახლა პირდაპირ ფულს აძლევენ
შემდეგი სტატიახვალ პარლამენტში გიორგი ქობულია მივა