ვაზიანში დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

ვაზიანში, სასროლეთის ტერიტორიაზე ავარიის დროს დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, – ამის შესახებ სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორმა დავით ბარლიანმა განაცხადა.

მისი თქმით, სამხედრო ჰოსპიტალში შეყვანილ ორ პაციენტს თავის არეში ზედაპირული ჭრილობები აღენიშნება.

„ჩვენთან დამატებითი კვლევები ჩაუტარდებათ პაციენტებს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ორივე პაციენტი ადეკვატურია, იმყოფებიან დაკვირვების ქვეშ“, – განაცხადა დავით ბარლიანმა.

ვაზიანში, სასროლეთის ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მე-12 ბატალიონის, მესამე მსუბუქი ქვეითი ასეულის პირველი კლასის რიგითი ვაჟა შათირიშვილი დაიღუპა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის მე-3 ასეული იმყოფებოდა ვაზიანში არსებულ სასროლეთზე, სწავლების მიზნით, რომლის დასრულების შემდეგ, როდესაც სამხედრო მოსამსახურეები ტოვებდნენ სასროლეთის ტერიტორიას, ავტომანქანა გადაბრუნდა მიწაყრილიან გზაზე, რის შედეგადაც ჯანმრთელობის სხვადასხვა დაზიანება მიიღო მძღოლმა, რიგითმა გიორგი ძაგანაშვილმა, მანქანის მეთაურმა, რიგითმა ვაჟა შათირიშვილმა და მეტყვიამფრქვევე გიორგი ვარძელაშვილმა.

სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში დაწყებულია გამოძიება საქართველოს სსკ მე-400 მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს საბრძოლო სატრნასპორტო მანქანის მართვის, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 3-7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიავთანდილ ხურციძეს ნიუ-იორკის სასამართლომ 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
შემდეგი სტატიაშსს-მ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ორი პირი დააკავა