ვაშაძე – დღეს, როგორც არასდროს, სახლში ჯდომა „ქართული ოცნების“ მთავარი პარტნიორია – ან ევროპა და ევროკავშირი, ან რუსეთი და ევრაზიული კავშირი, ან საქართველო, ან ოლიგარქია – ეს არის არჩევანი, რომელიც უნდა გავაკეთოთ

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე საქართველოს მოქალაქეებს, 24 ივნისს რუსთაველის გამზირზე დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.

მისი განცხადებით, „ქართული ოცნება“ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას არ აპირებს და ახლა ჯერი საქართველოს მოქალაქეებზეა, რომ ეროვნული გადარჩენის ამოცანას, რომელიც ევროკომისიამ დაგვისახა, შესაბამისი პასუხი გაეცეს.

გიორგი ვაშაძის თქმით, დღეს, როგორც არასდროს, სახლში ჯდომა „ქართული ოცნების“ მთავარი პარტნიორია.

„ან ევროპა და ევროკავშირი, ან რუსეთი და ევრაზიული კავშირი, ან საქართველო, ან ოლიგარქია – ეს არის ძალიან მკაფიო არჩევანი, რომელიც ჩვენ ყველამ უნდა გავაკეთოთ. დიდი მადლობა ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომ მათ საქართველოს ეროვნული გადარჩენის ამოცანა დაგვისახეს. ახლა ჯერი ჩვენზეა, რომ ეს ეროვნული გადარჩენის ამოცანა სისრულეში მოვიყვანოთ. დღეს, როგორც არასდროს სახლში ჯდომა „ქართული ოცნების“ მთავარი პარტნიორია. დღეს ისე, როგორც არასდროს, ჩვენს ერთიანობას, იმ საოცარ მუხტს, რომელიც 20 ივნისს იყო, რომელიც უნდა იყოს დღეს და რომელიც უნდა იყოს შემდეგ დღეებში, ამ მშვიდობიან სპეტაკ, ეროვნულ, პატრიოტულ მუხტს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.

საქართველო არის ქვეყანა, რომლის ცივილიზებული ადგილი და ოჯახი არის ევროკავშირი, მაგრამ მხოლოდ ლაპარაკი საკმარისი არ არის. „ქართულმა ოცნებამ“ და ოლიგარქიულმა რეჟიმმა გვითხრა, რომ არც ერთი რეფორმის გატარებას არ აპირებენ. მათ ჩვენ გვითხრეს, რომ ყველა რეკომენდაციას თავზე გადაგვახევენ, რომელსაც ევროპა გვაძლევს. შესაბამისად, დადგა დრო რომ ეროვნული ხსნის ამოცანას, რომელიც ჩვენმა ევროპელმა და დასავლელმა პარტნიორებმა დაგვისახეს, პასუხი ჩვენ გავცეთ. ჩვენ ვუპასუხოთ ყველამ ერთად. მეც, როგორც საქართველოს ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე, ვაპირებ, რუსთაველზე აუცილებლად მივიდე იმისთვის, რომ ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია დავაფიქსირო.

მეგობრებო, რამდენიმე წელიწადში ჩვენ დავინახავთ, ან აყვავებულ საქართველოს, ევროკავშირის ღირსეულ წევრს, ან საქართველოს, რომელიც უკაცრიელი ტერიტორია იქნება, რომელსაც რუსეთიდან მოვლენილი ოლიგარქიული რეჟიმი მართავს,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

წინა სტატიაშიპუტინი ომშია EU-ს წევრობის კანდიდატთან. გეოპოლიტიკურად ეს არის ომი ევროკავშირთან – კუბილიუსი
შემდეგი სტატიამაჭარაშვილი – “ქართული ოცნება” ყველაფერს გააკეთებს, რომ პირობები შესრულდეს და ქვეყანამ 6 თვეში კანდიდატის სტატუსი მიიღოს