უკრაინის გენშტაბი – რუსული ძალები აგრძელებენ შეტევას უკრაინის აღმოსავლეთით, ოპერატიულ ზონაში, რათა დაამყარონ სრული კონტროლი დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებზე

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 73-ე დღეს ოკუპანტები აგრძელებენ სრულმასშტაბიან შეიარაღებულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება.

მათი ცნობით, რუსული ძალები აგრძელებენ შეტევას აღმოსავლეთის ოპერატიულ ზონაში, რათა დაამყარონ სრული კონტროლი დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებზე და შეინარჩუნონ სახმელეთო დერეფანი ოკუპირებულ ყირიმთან.

„სლობოჟანსკის მიმართულებით მტერი აგრძელებს ხარკოვის მახლობლად არსებული დასახლებების საარტილერიო დაბომბვას. იზიუმის მიმართულებით ოკუპანტები ახორციელებენ საჰაერო დაზვერვას უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით, უკრაინის ჯარების პოზიციების დასადგენად. ცირკუნისა რუსკი ტიშკის დასახლებების მიდამოებში ოკუპანტებმა ააფეთქეს სამი საავტომობილო ხიდი, რათა შეანელონ უკრაინის თავდაცვის ძალების კონტრშეტევითი მოქმედებები. დონეცკისა და ტავრიას მიმართულებით, ოკუპანტები აგრძელებენ საარტილერიო დაბომბვას ფრონტის ხაზის გასწვრივ და იყენებენ ოპერატიულ და ტაქტიკურ თვითმფრინავებს ჩვენი ჯარების პოზიციებზე სარაკეტო იერიშებისთვის“, – ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ქალაქ მარიუპოლში, „აზოვსტალის“ რაიონში უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ბლოკადა გრძელდება. ოკუპანტებმა სამრეწველო კომპლექსზე კონტროლის დამყარების მიზნით, თავდასხმითი ოპერაციები განახორციელეს.

სამხრეთ ბუჰის მიმართულებით, რუსულმა ჯარებმა საარტილერიო დარტყმები მიაყენეს უკრაინული ძალების პოზიციებს. მათ ქალაქი მიკოლაევი მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები სისტემებით დაბომბეს. საპასუხოდ, ივანო-კეპინის დასახლებაში უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა გაანადგურეს საბრძოლო მასალის საწყობი და მოწინააღმდეგის 20 ერთეულამდე სამხედრო ტექნიკა.

დროებით ოკუპირებულ ქალაქ ხერსონში ოკუპანტები იღებენ მთელ რიგ ზომებს რუსული საოკუპაციო საქმიანობის უზრუნველსაყოფად და არსებული რეჟიმის მხარდასაჭერად. ამ ტერიტორიაზე გაიზარდა საგუშაგოებისა და მობილური პატრულირების რაოდენობა.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთისა და გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელები ილია დარჩიაშვილს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავენ
შემდეგი სტატიარუსმა სამხედროებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან 223 ბავშვი მოკლეს