,,წარმოუდგენელი დარღვევებით მიმდინარეობს არჩევნები, „ოცნების“ წევრები „ბოქაულებივით“ ადგანან თავზე კომისიის წევრებს”

თაიმერი

„ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო უბნებზე არსებულ დარღვევებზე საუბრობს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა აღნიშნა, დედაქალაქში თითქმის ყველა უბანზე ფიქსირდება ერთნაირი დარღვევები, რომლებზეც საჩივრები იწერება, თუმცა რეაგირება ამ დრომდე არ მომხდარა. ბეჟაშვილის თქმით, საარჩევნო უბნებზე მყოფი „ქართული ოცნების“ პარტიული წარმომადგენლები არჩევნების ფარულობის პრინციპს არღვევენ.

„პრაქტიკულად წარმოუდგენელი დარღვევებით მიმდინარეობს თბილისში არჩევნები. ასეთი დარღვევა უპრეცედენტოა და არც ერთი არჩევნების დროს არ დაფიქსირებულა. „ქართული ოცნების“ პარტიული წარმომადგენლები, იმყოფებიან საარჩევნო უბანზე, „ბოქაულებივით“ ადგანან თავზე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს, რეგისტრატორებს და იწერენ ყველა მოსული ამომრჩევლის საარჩევნო სიაში რეგისტრაციის ნომერს. აქამდე ასეთი დარღვევა არ დაფიქსირებულა არც ერთ არჩევნებზე. ეს ეტყობა რაღაც ახალი მოგონილია „ქართული ოცნების“ მიერ. ამის მიზანია მოხდეს ზეწოლა ადმინისტრაციულ რესურსზე, რათა მოხდეს აღრიცხვა თუ ვინ გამოცხადდა საარჩევნო უბანზე და მისცეს თუ არა მათ ხმა და ვინც არ მოსულა ისინი იძულებით მოიყვანონ არჩევნებზე. ეს არის არჩევნების ფარულობის უხეში დარღვევა, რაზეც ცესკოს ამ დრომდე განცხადება არ გაუკეთებია. მოვუწოდებთ ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას, გამოვიდეს და ღიად დააფიქსიროს პოზიცია ამ დარღვევაზე. ნუ იმალება პრესსპიკერის და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების უკან“, – განაცხადა ბეჟაშვილმა და აღნიშნა, რომ აღნიშნული დარღვევების ამსახველი ვიდეომასალაც არსებობს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ საზოგადოებას მოგვიანებით წარუდგენს.

„მივმართავთ ამომრჩეველებს, მიუხედავად „ქართული ოცნების“ ზეწოლისა, საარჩევნო უბანზე ვერავინ ვერ დაადგენს თუ ვის მისცეს ხმა“, – აღნიშნა ბეჟაშვილმა.

მან ასევე დუშეთის მე-13 უბანზე არჩევნების ბათილად გამოცხადების საფუძვლებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შესაძლოა ამ კონკრეტულ უბანზე საარჩევნო პროცესი ჩაიშალოს.

„მე-13 უბანზე არ არის შესული ამ წუთამდე მაჟორიტარი დეპუტატების საარჩევნო ბიულეტენი. ეს არის არჩევნების ბათილობის საფუძველი კონკრეტულად ამ უბანზე და კონკრეტული საჩივარი უკვე დაწერილია. ასევე ბოლნისში მე-20 უბანზე თავს დაესხნენ „ნაციონალური მოძრაობის“ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს და სცემეს. ის მოუწოდებდა საუბნო საარჩევნო კომისიის სხვა წევრებს „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ აგიტაცია არ მოეხდინათ, რაზეც გაღიზიანდნენ და მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ასევე თავდასხმა მოხდა ახალციხეში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატზე ირაკლი ბარძიმაძეზე. მას ფიზიკურად გაუსწორდა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის ზოია ბალიაშვილის შვილი“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდაკვირვების უფლების მქონე პირებს არ ეკრძალებათ კენჭისყრის პროცესის ნებისმიერ ეტაპზე, ამომრჩევლების შესახებ საჯარო ინფორმაციის გადამოწმება
შემდეგი სტატიაცესკო იმ მიზეზს განმარტავს, რის გამოც უბანი, რომელზეც ხმა პრეზიდენტმა მისცა, დაგვიანებით გაიხსნა