ტიკარაძე – „ასტრაზენეკას“ ვაქცინის ხარისხსა და სანდოობასთან დაკავშირებით არანაირი კითხვა არ არსებობს

„ასტრაზენეკას“ ვაქცინის ხარისხსა და სანდოობასთან დაკავშირებით არანაირი კითხვა არ არსებობს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, თითოეულ ვაქცინას მინიჭებული აქვს სერიული ნომერი და საქართველოში შემოსული ვაქცინის სერიულ ნომერთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს.

„რაც შეეხება „ასტრაზენეკას“ შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებს, რა თქმა უნდა ჩვენ გვქონდა ამასთან დაკავშირებით კომუნიკაცია, პირველ რიგში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ ვაქცინებს, ყველას აქვს სერიული ნომერი. საქართველოში შემოსულ სერიულ ნომერთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ზოგადად მსოფლიოში ინდა შეჩერდეს „ასტრაზენეკათი” ვაქცინაცია, რა თქმა უნდა, საქართველოც შეაჩერებს. ამ ეტაპისთვის ეს რისკები არის გადაზღვეული და არანაირი კითხვა ამ ვაქცინის ხარისხსა და სანდოობასთან დაკავშირებით არ არსებობს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა, რომ ქვეყანაში „ფაიზერის“ ვაქცინაც დაგეგმილზე ადრე შემოვიდეს.

„22 მარტის კვირაში ჩვენ ველოდებით „ფაიზერის“ ვაქცინის შემოსვლას. თუმცა ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ „იუნისეფი“ და „კოვაქს“ პლატფორმა ინტენსიურად მუშაობენ, რათა შესაძლებელი გახდეს, უკვე დამდეგ კვირაში ვაქცინის შემოტანა. ეს ინფორმაცია თუ დადასტურდება, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ნაადრევად გავავრცელებთ. სხვა მხრივ, მზაობა სრულად არის ქვეყანაში, რომ ჩვენ „ფაიზერის“ ვაქცინა მივიღოთ.

რაც შეეხება იმას, რომ ჩვენ ახლა ავცრით 43 200 ადამიანს, ხოლო შემდეგი პარტიით ისინი აიცრებიან უკვე მეორე დოზით, ამასთან დაკავშირებითაც რისკები ყველანაირად გადაზღვეულია. შემდეგი მოწოდება დაგეგმილია ოთხ კვირაში, ხოლო რევაქცინაციას ადამიანები საჭიროებენ რვიდან 12 კვირის მონაკვეთში“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიშუახევის მერიის წარმომადგენელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს
შემდეგი სტატიაბოკერია – პოზიცია პოლიტპატიმრების გამოშვებასთან და ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით უცვლელია