თურმე ელჩს კითხვა არ უნდა დაუსვა – თუ მადლობა არის გადასახდელი, ჩვენ ამას ვაკეთებთ და თუ რომელიმე ელჩი გასაკრიტიკებელია, არც ამას მოვერიდებით – ზარქუა

თურმე ელჩს კითხვა არ უნდა დაუსვა – თუ ელჩისთვის და საელჩოსთვის მადლობა არის გადასახდელი, ჩვენ ამას ვაკეთებთ და თუ რომელიმე ელჩი გასაკრიტიკებელია, არც ამას მოვერიდებით – ჩვენ ვართ ჩვენი ქვეყნისა და ქართული სახელმწიფოს ინტერესების გამტარებელი და ტონსაც, კითხვასაც რამენაირად შევარჩევთ, – ეს განცხადება “ქართული ოცნების” დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ საქართველოში აშშ-ს ელჩთან დაკავშირებით გააკეთა.

მისი თქმით, კელი დეგნანის მიმართ დასმული კითხვები ლეგიტიმურია.

“რთული დრამატურგია წავიდა ამ ელჩთან და საელჩოსთან დაკავშირებით. საქმე მარტივადაა: არსებობს გარკვეული კითხვები? ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება დასვას – მით უმეტეს დეპუტატს… დაისვა კითხვა – სხვათა შორის, ლეგიტიმური! საზოგადოებას, ყველას ამ კითხვაზე პასუხები გვაინტერესებს. დარწმუნებული ვარ საელჩო და ელჩი პასუხს გასცემს.

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, მადლობას ვეუბნებით მთელი ამ წლების განმავლობაში გაწეული გვერდში დგომისთვის, მაგრამ იქ სადაც კითხვებია, თამამად უნდა დაისვას.

წმინდა ხომ არ არის?! კითხვა დაისვა?! – უნდა უპასუხო, გასაკრიტიკებელია?! პასუხი უნდა მივიღოთ!

ჩვენ ხელისუფლებაში საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობით მოვედით. შესაბამისად, საქართველოს ინტერესებს დავიცავთ – მერე დავიცავთ დანარჩენი ქვეყნების. ეს ყველამ კარგად გაიგოს და გაითავისოს.

ის, რომ რახან ელჩია, მასთან კითხვები არ დავსვათ, მიუღებელია. ეს ადეკვატური პასუხი არ არის”, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ზარქუამ.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში დაიწყო
შემდეგი სტატიაროდესაც ასე თავხედურად და უზრდელურად ოჯახს შეურაცხყოფთ, ვერ და არ გავატარებთ – კითხვას თავისი შინაარსი აქვს და ის შეურაცხმყოფელი არ უნდა იყოს – ზარქუა