თორდიასთან დაკავშირებული ვიდეომასალა გავრცელდა, სავარაუდოდ, შსს-ს ჩართულობით – ეკა გიგაური

„ლაშა თორდიასთან დაკავშირებული ვიდეომასალა გავრცელდა, სავარაუდოდ, შსს-ს ჩართულობით,“ – ასე აფასებს არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური, პერსონალურ მონაცემთა ინსპექციის დასკვნას.

აღნიშნული დასკვნა ლაშა თორდიასთან დაკავშირებული ვიდეოჩანაწერის გავრცელების მოკვლევის შემდეგ გამოქვეყნდა, სადაც აღნიშნულია, რომ „პ.ა.მ. კლუბი“ ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა. ასევე, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ კომპანიამ ვიდეოჩანაწერები მესამე პირს გადასცა მხოლოდ ერთხელ.

ეკა გიგაური აღნიშნავს, რომ დასკვნის გაცნობის შემდეგ ეჭვები კიდევ უფრო გამტკიცდა იმასთან დაკავშირებით, რომ ვიდეოს გავრცელებაში, შესაძლოა, შსს-ს ხელი ერიოს.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის დასკვნით, კიდევ ერთხელ გაძლიერდა ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ ლაშა თორდიასთან დაკავშირებული ვიდეომასალა გავრცელდა, სავარაუდოდ, შსს-ს ჩართულობით, რაც ცხადია, არის კანონდარღვევა… გამოსაძიებელი არის, ასევე, ლაშა თორდიასთან დაკავშირებული ინცინდენტი და ყველაფერთან ერთად გამოსაძიებელია, ასევე, ის სავარაუდო კორუფცია, რომელსაც ადგილი ჰქონდა თბილისის მერიაში,“ – განაცხადა ეკა გიგაურმა.

მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, თამარ კინწურაშვილის, თქმით, მესამე სექტორი მოითხოვს იმის გარკვევას, საიდან მოხდა სოციალურ ქსელებში ეს ჩანაწერი. ის პერსონალურ მონაცემთა ინსპექციას სახელმწიფოს მხრიდან უფლებების დარღვევის ხელყოფის ფაქტის შესწავლისკენ მოუწოდებს.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექციის მხრიდან მხოლოდ კლუბზე ჯოხის გადატეხვა ძალიან გამარტივებაა პროცესის, ვინაიდან არცერთი კლუბი თავის ინიციატივით სოციალურ ქსელში ასეთ მასალას არ გაავრცელებდა,“ – აცხადებს თამარ კინწურაშვილი.

დღეს რვა არასამთავრობო ორგანიზაციამ საერთო განცხადება გაავრცელა, სადაც პერსონალურ მონაცემთა დასკვნის საფუძველზე, პარლამენტს, შსს-ს და პროკუარტურას ლაშა თორდიასთან დაკავშირებული ვიდეო ჩანაწერის გავრცელების გამო დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

banner
წინა სტატიაში,,პოროშენკო სააკაშვილის დასახვედრად ბანდიტებს აგზავნის,, (ვიდეო)
შემდეგი სტატიაელტონ ჯონის ოფიციალურ საიტზე საქართველოს კონცერტების უკვე ახალი თარიღებია მითითებული