საყოველთაო სახალხო შეკრებაზე ხალხი მხარს უჭერს დამოუკიდებლობით, სუვერენიტეტით ევროპისკენ მიმავალ სახელმწიფოს – ქადაგიშვილი

საყოველთაო სახალხო შეკრებაზე ხალხი მხარს უჭერს დამოუკიდებლობით, სუვერენიტეტით ევროპისკენ მიმავალ სახელმწიფოს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, ხალხი ხედავს, რომ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან მუდმივი პროვოკაციები არ სრულდება.

„დღევანდელი შეკრების მიზანი არის ის, რაც მოდის ხალხისგან. ხალხი ხედავს, რომ ის ჯგუფი, რომელიც გამჭვირვალობის წინააღმდეგია, ათასგვარი პროვოკაციით, ბრალდებით, მოგონილი საბაბით ცდილობს, რამენაირად ყველანი, მათ შორის მთელი საქართველოს მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანოს. ამას გარდა, ხალხი ხედავს, რომ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან მუდმივი პროვოკაციები არ სრულდება. აქედან გამომდინარე, ეს არის ხალხის მოთხოვნით ორგანიზებული ღონისძიება, საერთო სახალხო შეკრებაა. სწორედ ამ შეკრებაზე ხალხი მხარს უჭერს როგორც საქართველოს დამოუკიდებლობას, საქართველოს სუვერენიტეტს, ისე ამ დამოუკიდებლობით, სუვერენიტეტით ევროპისკენ მიმავალ სახელმწიფოს და არა ისე, როგორც სურს რადიკალურ ოპოზიციას“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ამასთან, როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, ოპოზიციის წარმომადგენლები აბულინგებენ, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებენ იმ ადამიანებს, რომლებსაც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები აქვთ.

„ერთადერთი, რაც ოპოზიციას დარჩენია, არის ის, რომ ადამიანები დააბულინგონ, ყველაზე მძიმე ეპითეტებით შეამკონ. ეს ოპოზიციის შინაგან სამყაროს კიდევ ერთხელ აჩვენებს. რეალურად, მათ არ უყვართ თავიანთი მოსახლეობა, საქართველო, ქართველი ერი. მათ აქვთ თავიანთი ვიწრო შურისძიებაზე აგებული მიზნები და სწორედ ეს ალაპარაკებს მათ ასეთი სიტყვებით აქციის მონაწილეებზე. რაც არ უნდა მიუღებელი იყოს მათი პოლიტიკური კურსი, არცერთი მათი წარმომადგენლისთვის ანალოგიური სიტყვებით არასდროს მიგვიმართავს.

ოპოზიციას აღარ აქვს მეტი არგუმენტი აქციების გაგრძელებასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ეს აქცია დღეს ჩაივლის წარმატებულად, მშვიდად. ოპოზიციას შეიძლება, მომდევნო დღეებში ჰქონდეს რაღაც აქციები, მაგრამ ეს აქციები საქართველოს კურსს, როგორც სუვერენულ, როგორც ევროპისკენ მიმავალ სახელმწიფოს ვერანაირად ვერ შეაფერხებს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში 28 აპრილს რუსული კანონის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქცია მსოფლიო გამოცემების განხილვის თემა გახდა
შემდეგი სტატიაპროვოკაციის წყურვილი გუშინ იმდენად დიდი იყო, პირველად ვნახეთ შემთხვევა, როდესაც აქცია ცდილობს სხვისი ტრიბუნა დაიკავოს – ქადაგიშვილი