თეოლოგი ლაშა დეისაძე-შარვაშიძე მეუფე ქრისტეფორეს სკანდალურ ინტერვიუზე

ტელეგადაცემა “საქართველოს დაბადების” (ავტორი და წამყვანი: იაგო ხვიჩია) 2024 წლის 2 მარტის სტუმრის, ეპისკოპოს ქრისტეფორეს (წამალაიძე) 1979-1995 წლებში საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის წევრი, 1979-1982 წლებში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მრავალი წლის მანძილზე ზვიად გამსახურდიას სულიერი მოძღვარი) საუბრიდან, პირადად ჩემთვის, როგორც ისტორიკოსისთვის, ყველაზე ფასეული არის ეპისკოპოს ქრისტეფორეს შეფასებები და აღიარება მიტროპოლიტ გაიოზის (კერატიშვილი) შესახებ.
ეპისკოპოსმა ქრისტეფორემ, რომელმაც 44 წლის წინ, 1980 წელს, ერთ-ერთმა მოაწერა ხელი მიტროპოლიტ გაიოზის მღვდელმთავრის ხარისხიდან განკვეთის სინოდურ ოქმს, ოთხ ათეულ წელზე მეტი ხნის შემდგომ აღიარა, რომ მიტროპოლიტ გაიოზის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება (თითქოს მან გაიტაცა საეკლესიო განძეულობა) იყო მოგონილი და მოწყობილი. ასევე, მეუფე ქრისტეფორემ გამორიცხა მეუფე გაიოზის თანამშრომლობა საბჭოთა “კაგებესთან” და ამაზე თავისი არგუმენტებიც მოიტანა.
მეუფე ქრისტეფორესგან ეს აღიარება განსაკუთრებით კიდევ იმ მხრივ არის საგულისხმო, რომ ის მრავალი წლის მანძილზე იყო ზვიად გამსახურდიას სულიერი მოძღვარი, ხოლო გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლების ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები ბრალს სდებდნენ მეუფე გაიოზს ძვირფასეულობის გატაცებაში.
ჩემთან პირად საუბარში მეუფე გაიოზს დანანებით აქვს ნათქვამი, რომ ეპისკოპოსი ქრისტეფორე ერთ-ერთი იყო, ვინც ჩემი განკვეთის საქმეზე იაქტიურა სინოდის სხდომაზე და წამოაყენა საკითხი ჩემი განკვეთისთვისო…. ნეტა რას მერჩოდაო…
სამწუხაროა, რომ ეპისკოპოს ქრისტეფორეს ამ საჯარო აღიარებას, რომელიც მან ოთხი ათეული წელზე მეტი დროის გასვლის შემდგომ გააკეთა, ამქვეყნად ვერ მოესწრო მიტროპოლიტი გაიოზი, თუმცა, ისტორია ხომ უწყვეტად იწერება და ადამიანიც ამქვეყნად თავისი ბიოგრაფიითა და სახელით მაინც აგრძელებს ცხოვრებას”,-წერს თეოლოგი ლაშა დეისაძე-შარვაშიძე

banner
წინა სტატიაშითბილისში დაგეგმილი პუტინის ფონდის “საერთაშორისო კონფერენცია”, ჩაიშალა
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპმა სამ შტატში გამართულ შიდაპარტიულ შეკრებაზე, ე.წ. კოკუსში გაიმარჯვა