სოფელ ჯარიაშენთან მობილიზებულია მძიმე ტექნიკა

ინტენსიურად მუშაობენ სოფელ ჯარიაშენთან ახალი გზის გასაყვანად რუსი სამხედროები. ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა. გზის გასაყვანად ოკუპანტებმა ადგილობრივი მოსახლეობის ხეხილის ბაღები გაჩეხეს.

სამუშაოები უკვე მესამე დღეა, მიმდინარეობს. პროცესს ევროკავშირის მონიტორინგის ჯგუფი აკვირდება.

“ჩვენ ახლა სოფელ ჯარიაშენში ვიმყოფებით. ვაკვირდებით აქ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს. მონიტორების ჯგუფი ადგილზე გუშინაც მუშაობდა, დღესაც აქ ვართ იმისთვის, რომ გავარკვიოთ, ზუსტად რა ხდება. მომავალ კვირაში ერგნეთში დაგეგმილია ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრა და, შესაძლოა, ამ საკითხის განხილვის საშუალება გვქონდეს, ახლა კი უბრალოდ ფაქტებს ვაგროვებთ,“ – განაცხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, კიასტუტის იანკაუსკასიმ.

ასევე ადგილზე იმყოფება გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი, დავით ონიაშვილი,

“სავარაუდოდ, გზა გაჰყავთ. გზა მიდის ქვემო არცევის სოფლის ნაკვეთებთან. ალბათ უფრო მოკლე გზა გაჭრეს და გზად რაც  შეხვდებათ, იმასაც იღებენ. ეს ნაკვეთები არის ადგილობრივი მოსახლეობის. ამ ეტაპზე ჩვენ ვახდენთ დაკვირვებას. ყველა სახელმწიფო უწყება და საერთაშორისო ორგანიზაცია ინფორმირებულია და ველოდებით დადებით რეაგირებას,“ – აღნიშნა ონიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშილევან შონია განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია“საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე მოვლენებს შესაბამისი სტრუქტურები და ორგანოები აკვირდებიან”