სოხუმი საქართველოს პარლამენტის რეზოლუციას “რეალობისგან სრულიად მოწყვეტილად” და “აფხაზურ-ქართული უთანხმოების მიზეზების დამმახინჯებლად” განიხილავს

სოხუმი საქართველოს პარლამენტის რეზოლუციას “რეალობისგან სრულიად მოწყვეტილად” და “აფხაზურ-ქართული უთანხმოების მიზეზების დამმახინჯებლად” განიხილავს.

“ნებისმიერი ობიექტური დამკვირვებლისთვის, რომელიც სამხრეთ კავკასიაში პოლიტიკურ ვითარებას იცნობს, ნათელია, რომ რეზოლუციის პროექტი შეიცავს ცნებათა პირდაპირ ჩანაცვლებას. საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას, აფხაზურ-ქართული კონფლიქტი “რუსულ-ქართულად” წარმოადგინოს, არავითარი გამართლება არ აქვს და არსობრივად, მხოლოდ საკუთარ დანაშაულებზე პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მცდელობას წარმოადგენს” – ნათქვამია დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარში.

აფხაზური მხარე “შეახსენებს” ქართულს, რომ “1992 წელს აფხაზეთში ომის გაჩაღებაზე სრული პასუხისგებლობა ეკისრება საქართველოს, ზუსტად ისევე, როგორც 2008 წელს – სამხრეთ ოსეთში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებზე”. “შეგვეძლო, გაგვეხსენებინა ასევე საქართველოს ხელისუფლების მრავალრიცხოვანი შეიარაღებული პროვოკაციებიც აფხაზეთში 1993-2008 წლების პერიოდში, როცა რუსეთისა და გაერო-ს შუამდგომლობით წარმოებდა სამშვიდობო მოლაპარაკებები კონფლიქტის დასარეგულირებლად. არ უნდა დავივიწყოთ ასევე ეთნიკური ნიშნით ძალადობის არაერთი შემთხვევა რესპუბლიკის ქართული ოკუპაციის პერიოდში. ყველა ამ ფაქტის გააზრება აბსურდულად აქცევს საქართველოს მცდელობებს, რუსეთი კონფლიქტის მონაწილედ წარმოაჩინოს და სრულად ჩქმალავდეს თბილისის როლს კონფლიქტსა და ქართული მხარის დანაშაულებში” – ნათქვამია კომენტარში.

სოხუმის შეფასებით, “ზემოაღნიშნულ კონტექსტში აშკარა ხდება აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების უკან გაწვევისა და მისი «დეოკუპაციის» შესახებ რუსეთისადმი მოთხოვნის შეუმდგარობაც”. “რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილება აფხაზეთის რესპუბლიკის აღიარებისა და მასთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების თაობაზე შეესაბამება საერთაშორისო სამართლის ნორმებს და არ ბღალავს საერთაშორუსი ურთიერთობების სხვა მონაწილეთა ინტერესებს” – ნათქვამია დე ფაქტო საგარეო უწყების კომენტარში.

რაც შეეხება რეზოლუციის პროექტში ნახსენებ ჟენევის დისკუსიებს, როგორც სოხუმი აცხადებს, “მათში სწორედ კონსტრუქციულ მონაწილეობას ელის საქართველოს წარმომადგენლებისგან ჟენევის მოლაპარაკებათა ყველა მონაწილე, ამდენად, პარლამენტში აზრს მოკლებული რეზოლუციების პროექტების განხილვას, სჯობს, ქართულმა მხარემ გამოიჩინოს პოლიტიკური ნება და გადახედოს თავის არაკონსტრუქციულ პოზიციას”.

“რეგიონში არსებული პოლიტიკური რეალობის იგნორირებითა და საკუთარი პასუხისმგებლობის მუდმივად სხვებზე დაკისრებით საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ უხვევს პრობლემის გადაჭრის ჭეშმარიტი გზიდან” – ნათქვამია კომენტარში.

სოხუმი ჟენევის დისკუსიების მონაწილე საერთაშორისო შუამავლებსაც მიმართავს, “დანაშაულებრივად აღიარონ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები 1992–1993 და 2008 წლებში, ხელი შეუწყონ აფხაზეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმების გაფორმებასა და სოხუმსა და თბილისს შორის თანასწორუფლებიანი სახელმწიფოთაშორისი დიალოგის ჩამოყალიბებას სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობისთვის”.

ცნობისთვის: პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე 91 მომხრე ხმით არც ერთის წინააღმდეგ დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ მომზადებული რეზოლუცია დამტკიცდა.

რეზოლუცია ადასტურებს, რომ საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცება და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება საქართველოს უპირველესი პრიორიტეტია.

banner
წინა სტატიაში‘’ივანიშვილის რეჟიმის მიერ ჩადენილი პოლიტიკური დანაშაულების გამო საქართველომ გაითქვა სახელი, როგორც ყველაზე პრობლემურმა ქვეყანამ’’ – გიგა ბოკერია
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები და დები, ჩვენი თანამოქალაქეები, რომ ერთადერთი ალტერნატივა მათთვის, მათი განვითარების, მათი შვილებისთვის, არის სწორედ ქართველებთან ერთად თანაცხოვრება, ჩვენს ერთიან, ძლიერ საქართველოში