,,შეშფოთებული ვართ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების გეგმებით”

შეშფოთებული ვართ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების გეგმებით, ჩატარდეს რეფერენდუმი რუსეთთან გაერთიანების საკითხე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა, რომელიც საქართველოს მთავრობის წინაშე დგას, სწორედ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობაა.

”როგორც ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციას, ევროპის საბჭოს მნიშვნელოვანი როლი ეკისრება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. ერთ-ერთი გამოვლინება ადამიანის უფლებათა დარღვევისა იმ ტერიტორიებზე, რომლებზეც გავლენა მოახდინა კონფლიქტმა, ეს გახლავთ ე.წ. ბორდერიზაცია. ეს არის ხელოვნური ბარიერები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, რომელიც აღმართულია რუსეთის ფედერაციის მიერ და ყოფს ოჯახებს, სერიოზულ გავლენას ახდენს მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ადამიანები, რომლებიც ოკუპირებულ რეგიონებში და მიმდებარე ტერიტორიებზე ცხოვრობენ, მათ წართმეული აქვთ ფუნდამენტური თავისუფლებები და უფლებები – გადაადგილების თავისუფლება, ქონების ფლობის უფლება, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების და სხვა უფლებები”, – განაცხადა კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ მიუხედავად ძალისხმევისა, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს არ მიეცა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის საშუალება.

პრემიერის თქმით, საქართველო ცდილობს, რუსეთთან ურთიერთობებში არსებული ჩიხი დაძლიოს პრაგმატული პოლიტიკის განხორციელებით, რომელიც მიმართულია სავაჭრო, ეკონომიკურ და სხვა სფეროებში კავშირების აღდგენისკენ.

”მაგრამ ჩვენი ძალისხმევა, მოხდეს მოსკოვთან ურთიერთობების ნორმალიზაცია, ნამდვილად ვერ იქნება სრული ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის პატივისცემის გარეშე. ჩვენ შეშფოთებული ვართ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების გეგმებით, ჩატარდეს რეფერენდუმი რუსეთის ფედერაციასთან გაერთიანების საკითხზე. აღნიშნული უკანონო მოვლენა არამხოლოდ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას გამოუთხრის ძირს, არამედ უმძიმესი შედეგების მომტანი იქნება სამხრეთ კავკასიაში არსებული მყიფე სიტუაციისთვის”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილის შეთავაზებული კანდიდატების ნაწილმა არ გაამართლა
შემდეგი სტატიაგიორგი ოქროპირიძის საქმეზე ბრალდების ორი მოწმე დაიკითხა