სარჯველაძე – ცოტა უხერხულად გამოიყურება, როდესაც პირობის წამოყენება ხდება პარტნიორული განხილვისთვის და მხოლოდ პირობით ხდება ვიზიტის დაგეგმვა

ცოტა უხერხულად გამოიყურება, როდესაც პირობის წამოყენება ხდება პარტნიორული განხილვისთვის და მხოლოდ პირობით ხდება ვიზიტის დაგეგმვა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„ალბათ, ეს არ არის მთავარი სულისკვეთება, რომელიც თანმხლები უნდა იყოს საზოგადოდ, ნებისმიერი პარტნიორული ურთიერთობისთვის. ვფიქრობ, სწორი ახსნა გაკეთდა, რომელიც მოისმინეთ, მათ შორის პრემიერ-მინისტრის მხრიდან, უნაკლოდ, ზედმიწევნით იქნა ახსნილი სუვერენული სახელმწიფოს მხრიდან, რაც იყო სათქმელი“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

ამასთან, მიხეილ სარჯველაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას აღნიშნა, რომ „აბსოლუტურად არამართებული შეფასება და არასწორი შეხედულებაა, რომ საქართველოში ხელისუფლება ან კანონმდებელი არ უსმენს საკუთარ მოსახლეობას და ამომრჩეველს“.

„ამ კანონპროექტზე საუბრის დაწყების დღიდან, სწორედ ამას ვამბობთ, ვითხოვთ, რომ გაიხსნას დისკუსია, საგნობრივი დისკუსია დავანებოთ თავი ყალბი იარლიყების მიწებებას. მხოლოდ და მხოლოდ პიარული ხერხებით საკითხის ირგვლივ დისკუსიის გამართვა არ არის არავის ინტერესში, ვინც ამ ქვეყნის გულშემატკივარი და კეთილმოსურნეა. საგნობრივად თუ ვისაუბრებთ კონკრეტულ არგუმენტებზე, ფორმულირებებზე, დებულებებზე, ასეთ შემთხვევაში აღმოვაჩენთ, რომ არავითარი საგანგაშო საქართველოში არ ხდება. კანონპროექტი, რომელიც ინიცირებულია, არის აბსოლუტურად კორექტული და მართებული. თუკი ვინმეს რომელიმე კონკრეტულ დებულებასთან მიმართებაში აქვს განსხვავებული შეხედულება დაე, ითქვას და განხილული იქნეს, მივიდეთ სწორ გადაწყვეტილებამდე. ადამიანები როდესაც ამას თავს არიდებენ და ცდილობენ, მხოლოდ იარლიყების მოწებებით იყვნენ დაკავებული, ეს არის სრულიად საპირისპირო იმისა, რასაც ჰქვია საგნობრივად გამართული საღი დისკუსია“, – განაცხადა სარჯველაძემ.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს ხვდება
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი – პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ხდება დღეს ან მოხდება ხვალ, ზეგ, ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას