ბიძინა ივანიშვილის შეთავაზებული კანდიდატების ნაწილმა არ გაამართლა

news
ავტ.: news აპრილი 21, 2016 15:49 განახლებულია

ბიძინა ივანიშვილის შეთავაზებული კანდიდატების ნაწილმა არ გაამართლა

მნიშვნელოვანი

  • დეპუტატის თქმით, როდესაც ბიძინა ივანიშვილი არენიდან გავიდა, ფაქტობრივად ამომრჩეველი დარჩა იმ ხალხის გარეშე, ვინც მათ აირჩიეს. მისივე ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი არ აპირებს მართვაში მონაწილეობას.

სხვა სტატიები

თუ არ მომცემენ საშუალებას, რომ ჩემს პოლიტიკურ გუნდთან ერთად ცხოვრებაში გავატარო ის, რაც სწორად მიმაჩნია, თავისთავად ცხადია, მე მოვნახავ სხვა გზას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა თამაზ მეჭიაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე წინასაარჩევნო თემაზე საუბრისას განაცხადა.

დეპუტატის თქმით, საარჩევნო სია არ არის მისთვის აუცილებელი და გადამწყვეტი.

”ჩემი მიზანი არ არის სია. თუ ვიქნები სიაში, რა თქმა უნდა ეს ჩემთვის ძალიან კარგი და მისაღები იქნება, რადგან ჩავთვლი, რომ ჩემი პოლიტიკური ძალა ასევე ფიქრობს დაახლოებით მაინც. ზოგ საკითხზე მე განსხვავებულად ვფიქრობ, ზოგ საკითხზე სხვა და ა.შ. თავისთავად ცხადია, მე ჩემს პოლიტიკურ გუნდთან ერთად მირჩევნია, მაგრამ არსებობს მეორე გზა. დავუშვათ, არ მოვხვდი. არსებობს გზა პირდაპირ ამომრჩეველს ჰკითხო უნდიხარ, თუ არ უნდიხარ? არსებობს დამოუკიდებლად კენჭისყრა. ათასი ვარიანტი არსებობს. შენ თუ მიიჩნევ, რომ უნდა იყო პოლიტიკაში, ეს ამბიციური განცხადება იმას კი არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც ვიღაცას უნდა ჩამოეკიდო, გარისკვაც უნდა შეგეძლოს, წადი და პირდაპირ ჰკითხე ამომრჩეველს. თუ არ მომცემენ საშუალებას, რომ ჩემს პოლიტიკურ გუნდთან ერთად ცხოვრებაში გავატარო ის, რაც სწორად მიმჩნია, თავისთავად ცხადია, მე მოვნახავ სხვა გზას, რა თქმა უნდა კანონიერად”, – აღნიშნა მეჭიაურმა.

მისივე თქმით, ძალიან კარგად იცის, როგორ უნდა მიიღოს ერთი მანდატი ადვილად, ყოველგვარი პრობლემების გარეშე -”ჩვეულებრივად წყნარად ვიჯდებოდი”, – უპასუხა ჟურნალისტებს მეჭიაურმა.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ იგი ბიძინა ივანიშვილის თანაგუნდელია, თუმცა არ მიაჩნია სწორად, რომ ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მართალია. მისივე თქმით, იცის, რომ ივანიშვილი ქვეყნის წინაშე მართალია და ქვეყანა უყვარს, მაგრამ ”ხშირად შეიძლება მას არ აქვს ინფორმაცია ბოლომდე. ჩაკეტილ სივრცეში უწევს ყოფნა და ზოგ შემთხვევაში, გავლენა შეიძლება მასზეც ხდებოდეს, ისეთი, რომ ვიღაცამ არასწორი ინფორმაცია მიაოწოდოს”.

”ბლოკი, რომელიც 2012 წელს ხელისუფლებაში მოვიდა აბსოლუტურად განსხვავებული მსოფლმეხდველობის მქონე პარტიებით იყო დაკომპლექტებული, რამაც იჩინა კიდეც თავი, ბოლო პერიოდში რა დონით დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. აერთიანებდათ მხოლოდ წინა ხელისუფლების შეცვლა და პარლამენტში მოხვედრა, აბსოლუტურად სხვა მნიშვნელოვანი პროგრამა თუ არ ჩავთვლით იმას, რომ რაღაც მაინც ხომ უნდა დაწერილიყო, – არ გააჩნდა. ხალხსაც არჩევანი არ ჰქონდა. ახლა აღარ არის ასე”, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

დეპუტატის თქმით, როდესაც ბიძინა ივანიშვილი არენიდან გავიდა, ფაქტობრივად ამომრჩეველი დარჩა იმ ხალხის გარეშე, ვინც მათ აირჩიეს. მისივე ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი არ აპირებს მართვაში მონაწილეობას.

”უბრალოდ, ის შესთავაზებს ხალხს, რომ ”აი, ეს ხალხი აირჩიეთ”. მაგრამ მისი შეთავაზებები, რომ ყოველთვის ძალიან იღბლიანი არ იყო, ეს ხომ გვახსოვს ჩვენ? ასე რომ, ხალხი უკვე ამ ყველაფერს დაუფიქრდება და იტყვის, ”ის კაცი თუ თვითონ იქნება კი ბატონო, ავირჩიოთ”, მაგრამ მარტო რეკომენდაციით, თუ თვითონ არ მიიღებს მონაწილეობას, რატომ ავირჩიო ყველა? უკვე უფრო ფრთხილად იქნება არჩევანი. მის მიერ შეთავაზებული კანდიდატების ნაწილმა, საყოველთაო აზრია ასეთი, მე მგონი მისიც, არ გაამართლა. შეიძლება ძალიან კარგები არიან, მაგრამ იმ გუნდის წევრები არ არიან”, – დასძინა მეჭიაურმა.

news
ავტ.: news აპრილი 21, 2016 15:49 განახლებულია

Google სტატისტიკა


3,801
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics