გიორგი ოქროპირიძის საქმეზე ბრალდების ორი მოწმე დაიკითხა

ცრუ დასმენის საქმის მასალებს, რომელზეც ბრალდებული გიორგი ოქროპირიძეა, სახალხო დამცველის 2015 წლის საპარლამენტო ანგარიში სრულად დაერთო. შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოს გიორგი ოქროპირიძის დაცვის მხარემ მიმართა. დაცვის მხარის განმარტებით, ანგარიშში, მათ შორის ამ საქმეზე, გიორგი ოქროპირიძის შესახებ რამდენჯერმეა საუბარი. გარდა ამისა, დღევანდელ პროცესზე დაიკითხა ბრალდების ორი მოწმე, რომლებიც არიან გლდანის მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლები. ისინი პატიმრების უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.

როგორც ერთ-ერთმა მოწმემ, ირაკლი ლოლაშვილმა განაცხადა, გიორგი ოქროპირიძის მიმართ თანამშრომლების მხრიდან, ძალადობას ადგილი არ ჰქონია. მისივე განცხადებით, იმ პერიოდში, რა პერიოდზეც ოქროპირიძე საუბრობს, ის შიმშილობდა და აქედან გამომდინარე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შესუსტებული იყო.

მეორე მოწმის თემურ რობაქიძის თქმით, ოქროპირიძის მიმართ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. მისივე განცხადებით, ვინაიდან ოქროპირიძე შიმშილობდა, მისი მდგომარეობა ფარული სათვალთვალო კამერით და საკნის კარების სათვალთვალოდან ყოველ 15 წუთში მოწმდებოდა. ამასთან, როგორც მოწმემ განაცხადა, ოქროპირიძე არის პრობლემატური პატიმარი, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ პატიმარი ცდილობდა თვითდაზიანებების მიყენებას და შემდეგ ამის ციხის თანამშრომლებისთვის გადაბრალებას.

დღევანდელ პროცესს თავად ბრალდებული არ დასწრებია.

banner
წინა სტატიაში,,შეშფოთებული ვართ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების გეგმებით”
შემდეგი სტატიასტუ-ს პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა განათლების სამინისტროსთან აქცია გამართეს