საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP-T) საწვრთნელი ფაზა დასრულდა

gulis eleqsiri

ვაზიანში, საბრძოლო მომზადების ცენტრის ბაზაზე, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP-T) საწვრთნელი ფაზის დახურვის ოფიციალური ღონისძიება გაიმართა. პროგრამის წარმატებით დასრულება სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და აშშ-ის მე-7 საარმიო კორპუსის მომზადების სარდლობის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა ჯოზეფ ჰილბერტმა მიულოცეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და საბრძოლო მომზადების განვითარების პროცესში GDRP-ის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა და ამერიკელ პარტნიორებს პროგრამის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

მე-9 როტაციის ფარგლებში მომზადება საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ქვეითმა ბატალიონმა გაირა. ეს ბოლო ბატალიონია, რომელიც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გაიწვრთნა. ღონისძიების დასასრულს ქვედანაყოფმა საჩვენებელი სწავლება ჩაატარა და მიღებული ცოდნის დემონსტრირება მოახდინა. მე-12 ბატალიონმა მოწინააღმდეგის მიერ დაკავებული თავდაცვითი პოზიციების წმენდა განახორციელა, გაანადგურა მოწინააღმდეგე და ამოცანით განსაზღვრული რაიონი დაიკავა.

GDRP-ის ფარგლებში საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისთვის მომზადება სულ 9 ბატალიონმა გაიარა. ქვედანაყოფებმა ასეულისა და ბატალიონის დონეზე, რეალურ საბრძოლო პირობებთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში, დღისა და ღამის პირობებში სხვადასხვა მნიშვნელოვანი სწავლება გაიარეს.

თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით განხორციელებული ისტორიული ინიციატივაა, რომელმაც ქართული ჯარის მომზადების დონე სრულიად სხვა სიმაღლეზე აიყვანა. პროგრამა მიზნად ისახავდა საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო ქვედანაყოფების მზადყოფნის დონის ამაღლებას, ასევე მათი დაკომპლექტების, წვრთნისა და აღჭურვის შესაძლებლობების განვითარებას.

წინა სტატიაშიღარიბაშვილი – საქართველო მკაცრად გმობს ტერორისტულ თავდასხმას ქაბულში, ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს
შემდეგი სტატიავაქცინირებული ადამიანებისთვის ლატარია გათამაშდება და ისინი ფულადი ჯილდოთი წახალისდებიან