საქართველოს მთავრობა რისკავს იმ კეთილ ნებას, რომელიც ქვეყნის მიმართ ამერიკის სენატში არსებობს

ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა რისკავს იმ კეთილ ნებას, რომელიც ქვეყნის მიმართ ამერიკის სენატში არსებობს, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ჯორჯ კენტი “ამერიკის ხმასთან” საუბრობს. მისივე თქმით, ქვეყნისთვის სასწორზე მომავალი განვითარებაა.

საქართველოსთვის სასწორზე იმ მომავლის გაგრძელებაა, რომელსაც მისი ლიდერები ამბობენ, რომ ქვეყნისთვის სურთ. რეფორმების ძალისხმევამ უნდა შექმნას სიტუაცია, როცა ქვეყანას წინ წასვლა შეეძლება და ექნება საკუთარი მომავლის შერჩევის შესაძლებლობა. ძალიან ცხადია ის, რომ წარმატების მისაღწევად საქართველოს ძირეული საარჩევნო სისტემის რეფორმები და სასამართლო სისტემის რეფორმები სჭირდება. სასამართლოს რეფორმა აბსოლუტურად კრიტიკულია ქვეყნის წარმატებისთვის, – განაცხადა ჯორჯ კენტიმ.

შეკითხვაზე, როგორ შეიძლება განვითარდეს ამერიკა-საქართველოს ურთიერთობა იმ შემთხვევაში, თუ ქევყანაში დემოკრატიის ხარისხი არ გაიზარდა იმ ფონზე, როცა პოლიტიკური დაპირისპირება უკვე თვეებია გრძელდება, ჯორჯ კენტმა თქვა:

პირველ რიგში, იმას ვიტყვი, რაც მოსმენაზე სენატორ რიშს ვუთხარი. მე ბოლომდე პატივს ვცემ ჩვენი კონგრესის, ჩვენი სენატის უფლებამოსილებას. ამაში შედის ბიუჯეტის დამტკიცებისა და დახმარების განაწილების უფლებამოსილება. ამერიკის კონგრესი საქართველოსთან მიმართებაში ძალიან ხელგაშლილი იყო. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ამერიკას საქართველოსთვის ხუთ ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება აქვს გაწეული. ახლა ყოველწლიურად 135 მილიონი დოლარით ვეხმარებით. ეს, კონგრესის გადაწყვეტილებაა და არა ადმინისტრაციის. ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა სენატორების კეთილ ნებას რისკავს, სენატორების- რომლებმაც საქართველოს ეს დახმარება გაუწიეს, იმ შემთხვევაში, თუ მათ საჭირო ნაბიჯები არ გადადგეს. კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს ლიდერებისთვის იმის გაგება, რომ ჩვენი მოლოდინია, რომ ისინი დასასრულამდე მივიდნენ, მიაღწიონ შეთანხმებას და გაატარონ რეფორმები იმისთვის, რომ ქვეყანამ წინსვლა დაიწყოს, – ამბობს კენტი.

banner
წინა სტატიაშიაფრიკაში კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს
შემდეგი სტატიაკენტი: არ უნდა ეცადო შენი პოლიტიკური მოწინააღმდეგის ბოლომდე განადგურებას