რუსი ოკუპანტების მიერ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან 6 წელი გავიდა

ექვსი წელი შესრულდა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი სამხედრო მოსამსახურის, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებმა არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს, დაბა ახალგორში დააკავეს და იქიდან ცხინვალში გადაიყვანეს. ამ რეგიონიდან დევნილი არჩილ ტატუნაშვილი პერიოდულად ჩადიოდა ახალგორში, სადაც მცირე სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა.

23 თებერვალს დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილმა ბადრაგს წინააღმდეგობა გაუწია და იარაღი წაართვა, მისი განეიტრალების მიზნით ძალის გამოყენებისას კი, კიბეზე დაგორდა და მოგვიანებით ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა, სავარაუდოდ, გულის უკმარისობით. დე ფაქტო ხელისუფლების ეს ვერსია დაადასტურა რუსეთში ჩატარებულმა ექსპერტიზამ.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს 2018 წლის 20 მარტს გადასცეს. თბილისში ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გარდაცვლილს სხეულზე აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები და ამოცლილი ჰქონდა შინაგანი ორგანოები.

არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 24 მარტს, სამხედრო პატივით დაკრძალეს მუხათგვერდის ძმათა სასფლაოზე.

2018 წლის ივნისში საქართველოს პროკურატურამ არჩილ ტატუნაშვილისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის და მის ჯგუფურად წამებაში დახმარებისთვის ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო სამართალდამცავი ორგანოების ორ თანამშრომელს – ოკუპირებული ახალგორის ე.წ პროკურორის თანაშემწეს დავით გურწიევს და ე.წ უშიშროების კომიტეტის ახალგორის განყოფილების უფროსს, ალიკ ტაბოევს.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ცხინვალის ე.წ. პროკურატურის შენობაში ე.წ. სამართალდამცველებმა არჩილ ტატუნაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობისთვის აწამეს, რა დროსაც სხეულზე მიაყენეს სხვადასხვა სახის 100-ზე მეტი დაზიანება.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ხაზარაძე:სააკაშვილი შეიძლება მაშინ გამოუშვან, როცა “ოცნებას” ძალიან გაუჭირდება
შემდეგი სტატიასარჩელი ალექსეი ნავალნის ცხედრის გათავისუფლების შესახებ 4 მარტამდე არ განიხილება