რამდენჯერაც ქართულ მართლმსაჯულებაში მოხდა ჩარევა, ყოველ ჯერზე ეს უცხოეთიდან მოხდა – პაპუაშვილი

ჩვენ სამწუხარო გამოცდილება გვაქვს, რამდენჯერაც ქართულ მართლმსაჯულებაში მოხდა ჩარევა, ყოველ ჯერზე ეს უცხოეთიდან მოხდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს, რომლის მიხედვით, ხუთი მოსამართლე თანახმაა, ე.წ. ვეტინგის, კეთილსინდისიერების ტესტი ჩააბაროს.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლება არ აპირებს, უცხოელი მეურვეები ჩართოს მართლმსაჯულების საკითხის გადაწყვეტაში.

„ასეთ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები საქართველოს პარლამენტის მიერ მიიღება. პარლამენტის უმრავლესობის პოზიცია ცნობილია. ჩვენ არ ვაპირებთ, უცხოელი მეურვეები ჩავრთოთ მართლმსაჯულების სისტემის გადასაწყვეტად. ჩვენ სამწუხარო გამოცდილება გვაქვს, რამდენჯერაც ქართულ მართლმსაჯულებაში მოხდა ჩარევა, ყოველ ჯერზე ეს უცხოეთიდან მოხდა. ნიკა მელიას შეწყალება, გამოშვება გავიხსენოთ ისევე, როგორც გვარამიას შეწყალება. ყოველ ჯერზე, რამდენჯერაც ქართულ მართლმსაჯულებაში ვინმე ჩაერია, ეს ჩარევა ყოველთვის უცხოეთიდან იყო. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მავნე იქნება, უცხო ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ ჩართული დამოუკიდებელი ქვეყნის ქართული მართლმსაჯულების საკითხების გადაწყვეტაში.

რაც შეეხება მოსამართლეებს, მათი გადაწყვეტილება მათ უნდა ჰკითხოთ. სამწუხაროა, როდესაც მართლმსაჯულებაში არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქართველ ხალხს და ქართველ ადამიანებს კი არ შეუძლიათ, გადაწყვეტილების მიღება, არამედ უუნაროები არიან და ამიტომ, გადაწყვეტილება უცხოელი უნდა მოიყვანონ. თუ ამ ლოგიკას გავყვებით, მაშინ გამოდის, რომ მოსამართლეებიც არ უნდა იყვნენ ქართველები და უცხოელი მოსამართლეები უნდა გვყავდეს, როგორც „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდოდა, მთლიანი დათმობა დამოუკიდებლობის, რომლისთვის ქართველი ხალხი ათწლეულების განმავლობაში იბრძოდა“, – განაცხადა პაპუაშვილმა

banner
წინა სტატიაში150 000 პენსიონერს სესხის პროცენტი დღეიდან შეუმცირდება
შემდეგი სტატიაიუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორმა მოსამართლე წევრმა თანამდებობა დატოვა