იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორმა მოსამართლე წევრმა თანამდებობა დატოვა

“საქართველოს სასამართლოს გუშაგი” ავრცელებს ინფორმაციას, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორმა მოსამართლე წევრმა თანამდებობა დატოვა. ორგანიზაციის ცნობით, მათი წარმომადგენელი ესწრებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 14 მარტის სხდომას, სადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, ნიკოლოზ მარსაგიშვილმა განაცხადა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორმა მოსამართლე წევრმა, ბადრი შონიამ და პაატა სილაგაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვეს.

ბადრი შონია და პაატა სილაგაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები არიან და სხდომაზე სწორედ ეს დასახელდა მათ მიერ თანამდებობის დატოვების მიზეზად. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 13 წევრი დარჩა.

“ორი წევრის მიერ საბჭოს დატოვება უშუალოდ კანდიდატების შერჩევის დროს, აზიანებს უზენაესი სასამართლოს კანდიდატების შერჩევის პროცესს. გარდა ამისა, აჩენს ვარაუდებს იმასთან დაკავშირებით, რომ წარმდგენი ორგანო, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, კვლავ ცდილობს, თავისი რიგებიდან დააკომპლექტოს უზენაესი სასამართლო, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა წარსულში”, – აცხადებს ორგანიზაცია.

ორგანიზაციის ცნობით, ბადრი შონია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეა, რომელიც 2021 წლის 26 მაისს მოსამართლეთა კონფერენციამ აირჩია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად, ხოლო პაატა სილაგაძე, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა, იუსტიციის საბჭოს წევრად 2021 წლის 31 ოქტომბერს აირჩიეს.

banner
წინა სტატიაშირამდენჯერაც ქართულ მართლმსაჯულებაში მოხდა ჩარევა, ყოველ ჯერზე ეს უცხოეთიდან მოხდა – პაპუაშვილი
შემდეგი სტატიასაქართველომ საკრედიტო რისკების კლასიფიკაციაში რისკის რეიტინგი ერთი საფეხურით გაიუმჯობესა