ქეთი ციხელაშვილი გორის რაიონის სოფელ სობისში ჩავიდა, სადაც ადგილობრივის ქერის მოსავალს ოკუპანტები იღებენ

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გორის რაიონის სოფელ სობისში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივის ქერის მოსავალს ოკუპანტები იღებენ.

როგორც ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, მას უკვე ჰქონდა კომუნიკაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან და უკვე გააქტიურებულია ცხელი ხაზი.

მისივე თქმით, საუბარი შეეხო იმ ვითარებას, რომ ადამიანებს, რომლებმაც ნაკვეთები დათესეს, ამდენი შრომა და რესურსი ჩადეს, მიეცეთ იმის შესაძლებლობა მაინც, რომ საკუთარი მოსავალი აიღონ.

”საუბედუროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა. 2008 წლიდან მოყოლებული ჩვენ ძალიან რთული ვითარება გვაქვს იმ მხრივ, რომ ბევრ ადამიანს არ ეძლება საკუთარ ნაკვეთებზე, მიწებზე, ბაღებზე წვდომის შესაძლებლობა. ეს ქმნის ძალიან მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ გამოწვევევს აქ მცხოვრებლებისთვის, მაგრამ ის, რომ ეს არ არის ერთეული შემთხვევა, არ აკნინებს ამ პრობლემის სიმწვავეს, ამიტომ ჩამოვედი ადგილზე, შევხვდი ადგილობრივებს”, – განცხადა ციხელაშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნული და სხვა მსგავსი საკითხები ჟენევის ფორმატსა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე პერმანენტულად წარმოადგენს დღის წესრიგის მთავარ საკითხს.

”ზოგადად მინდა გითხრათ, რომ საქართველოს სახელმწიფოს მთავარი პასუხი ამ გამოწვევაზე არის ის, რომ სახელმწიფოსთვის ეს რეგიონი – საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფლების განვითარება და მათზე ზრუნვა პრიორიტეტულია. ბოლო 3 წლის განმავლობაში უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში ჩვენ არაერთი ნაბიჯი გადავდგით იმისთვის, რომ დაგროვილი პრობლემები ნაწილობრივ მაინც შეგვემსუბუქებინა ამ ადამიანებისთვის. ვფიქრობ, ბევრი კარგი ნაბიჯი გადაიდგა, მაგრამ ბევრიც უნდა გადაიდგას. ჩვენ ვგეგმავთ, რომ ეს რეგიონები იყოს ჩვენთვის პრიორიტეტი, მათი გაძლიერება-განვითარება იმისთვის, რომ ადამიანებს არა მარტო შეუმსუბუქდეთ ყოფა, არამედ გაუჩნდეთ ალტერნატიული ეკონომიკური შესაძლებლობები”, – განაცხადა ციხელაშვილმა.

გორის რაიონის სოფელ სობისის განაპირას, დღეს დილიდან შეიარაღებული ფორმიანები გამოჩნდნენ. როგორც “ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, აღნიშნულმა პირებმა სობისში მცხოვრებელი შალვა ჩილინდრიშვილის კუთვნილი ქერის მოსავლის აღება დაიწყეს.

შეიარაღებულმა პირებმა ჩილინდრიშვილს განუცხადეს, რომ მისი სახნავ-სათესი ფართობი “საქართველოს ტერიტორიაზე არ მდებარეობს”.

banner
წინა სტატიაშიმევენახეები სუბსიდიას წელსაც მიიღებენ
შემდეგი სტატიადემურ სტურუას ოჯახის წევრების თქმით, გამომძიებელმა ექსპერტიზის პასუხების გამოსაქვეყნებლად ვადა კვირის ბოლომდე ითხოვა