ქართული ბიბლიოთეკა ნეაპოლში – ექსკლუზიური ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივით, იტალიაში, კერძოდ კი ნეაპოლში, კიდევ ერთი ქართული სივრცე გაიხსნა. რამდენიმე თვის წინ, დაახლოებით, ზამთრის მიწურულს, წიგნების მოყვარული ქართველი ემიგრანტებისთვის მნიშვნელოვანი, საჭირო და საინტერესო კუთხე შეიქმნა. ნეაპოლში არსებული ქართული ბიბლიოთეკის თაროებზე, სხვადასხვა ჟანრის ქართველი და უცხოელი ავტორების მხატვრული ლიტერატურის წიგნებს შეხვდებით. ასევე, წიგნებს ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის, საქართველოს ისტორიაზე, უძველეს “ვეფხისტყაოსანს” და ა.შ. ეს ყველაფერი ცხადია, მნიშვნელოვანია თითოეული ემიგრანტისთვის, თუმცა, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმ ქართული ოჯახებისთვის, რომელთა შვილებიც, ემიგრაციაში მოკლებულნი არიან ყველაფერ ქართულს. თუმცა, მათთვის, უკვე შესაძლებელი გახდა ხელმისაწვდომობა ქართულ წიგნებზე.

როგორც იცით ნებისმიერ იდეას, რომელიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ უნდა განხორციელდეს (და არამარტო), სჭირდება ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში იმყოფება იმ კონკრეტულ ქვეყანაში, ქალაქში და თავიც დამკვიდრებული აქვს. როცა გაჩნდა იდეა, რომ ნეაპოლში ქართული ბიბლიოთეკა უნდა გახსნილიყო, ამ იდეის განხორციელებაში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორს, გიორგი კეკელიძეს, ნეაპოლში მოღვაწე მედიატორ-თარჯიმანი, მაკა ხაჩოშვილი დაეხმარა. უცხო ქვეყანაში ქართული სივრცის მოწყობა ერთია, მაგრამ მნიშვნელოვანია მისი მუშაობის ხარისხი. სწორედ, ბიბლიოთეკის ფუნქციონირებაში, მაკა ხაჩოშვილთან ერთად, მნიშვნელოვანი წვლილი, ია ნადირაშვილსაც მიუძღვის. მათ ემიგრანტებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმის წარმოების სრული პასუხისმგებლობა, საკუთარ თავზე აიღეს, რათა უცხო მიწაზე თანამემამულეების ყოფნის სიმძიმე შეემსუბუქებინათ და ემიგრანტულ სამსახურებში ცოტა, მაგრამ (მაინც) არსებული დრო ნაყოფიერად, შემეცნებითად დაეხარჯათ, რომ შეევსოთ ის დანაკლისი, რაც სამშობლოდან შორს ყოფნის გამო აქვთ. აღსანიშნავია, რომ მაკა ხაჩოშვილი და ია ნადირაშვილი, ქართულ საქმეს ენთუზიაზმზე, სრულიად უანგაროდ აკეთებენ. ქართული სივრცე ნეაპოლში Piazza Enrico de Nicola-ს 46 ნომერში, Cooperativa Dedalus-ის შენობაში მოეწყო.

აღნიშნული ბიბლიოთეკის მიმართ, ემიგრანტების ინტერესი, საკმაოდ მაღალია. ამას ისიც მოწმობს, რომ უკვე 200-მდე მკითხველია დარეგისტრირებული. გარდა ამისა, ბიბლიოთეკას, კიდევ ერთი, განსაკუთრებული ფაქტი უკავშირდება: ქართველი გოგონა, რომელიც ნეაპოლში, ფედერიკო სეკონდოს უნივერსიტეტის სტუდენტია, საქართველოზე პრეზენტაციას ამზადებს. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ამ ნაშრომის შედგენაში, მას, ნეაპოლში არსებული ბიბლიოთეკა ეხმარება. ალბათ, სწორედ, მსგავსი ფაქტებით არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, უცხო მიწაზე ქართული ბიბლიოთეკის არსებობა.

ნეაპოლში ქართული ბიბლიოთეკის საჭიროების აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე, მცირე დროში მიღწეულ შედეგებზე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებთან დაკავშირებით ეროვნული ბიბლიოთეკის სამომავლო გეგმებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, “თაიმერის” შეკითხვებს ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი, ლექტორი, ტელეწამყვანი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი და ასევე, წიგნის “ხვიჩა – ვარსკვლავი, სახელად ვარსკვლავი” ავტორი, გიორგი კეკელიძე პასუხობს:

– საიდან გაჩნდა ნეაპოლში ქართული საქმის კეთების იდეა? (ბიბლიოთეკის გახსნას ვგულისხმობ)

– ნეპოლის ბიბლიოთეკის გახსნის იდეა, არის ნაწილი ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობისა, რომელიც საზღვარგარეთ ქართული წიგნის კუთხეებისა და ბიბლიოთეკების გახსნას ემსახურება. ჩვენ, მსოფლიოს, თითქმის ასამდე ქალაქში გავხსენით ქართული წიგნის კუთხე, სხვადასხვა ფორმატით და მათ შორის, ბუნებრივია, ნეაპოლი იყო პრიორიტეტი, განსაკუთრებით, კვარაცხელიას ფაქტოროს გაჩენის შემდეგ. იქ, მცხოვრები უამრავი, შესანიშნავი, თანამემამულის გამოც და ა.შ.

– როგორ წარიმართა ეს პროცესები? იყო, თუ არა სირთულეები და რა სახის?

– პროცესები წარიმართა ძალიან კონსტრუქციულად და საქმიანად, კვალიფიციური ადამიანები ედგნენ სათავეში ამაზე მუშაობას, ქართველი ემიგრანტების მხრიდან ნეაპოლში და შესაბამისად, ეროვნულ ბიბლიოთეკას არ გასჭირვებია ამ სამუშაოს წარმოება.

– როგორც ვიცი, მაკა ხაჩოშვილმაც გარკვეული წვლილი შეიტანა ამ იდეის განხორციელებაში.. კერძოდ, რა და როგორი იყო მისი როლი ამ საქმეში?

– მაკა ხაჩოშვილმა, არათუ, წვლილი შეიტანა, არამედ, მაკა ხაჩოშვილი არის ის ძირითადი ადამიანი, რომელიც წარმართავს ამ ბიბლიოთეკის ფუნქციონირებას. სწორედ, მისი დამსახურებით და გარკვეული შრომის შედეგად, გაჩნდა შესაბამისი სივრცე ნეაპოლში, რომელიც კეთილმოწყობილია და საბიბლიოთეკო თვალსაზრისით, ძალიან საინტერესო. სწორედ, მისი ინიციატივითვე, ჩვენ, გარკვეულწილად დავაჩქარეთ ეს პროცესი და ნეაპოლში გავხსენით ქართული წიგნის კუთხე.

– ქართველი ემიგრანტებისთვის რა მნიშვბელობის მატარებელია უცხო მიწაზე ქართული ბიბლიოთეკის არსებობა?

– ქართველი ემიგრანტებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია იმიტომ, რომ სწორედ, ხვიჩა კვარაცხელიას გამოჩენის შემდეგ, ძალიან დიდია ინტერესი საქართველოს მიმართ, ქართული კულტურის მიმართ, რეალურად, იმ ფესვების მიმართ, რომელიც არის ხვიჩა კვარაცხელიას სამშობლო, რომელსაც ეწოდება რეალურად ის წარსული, რაზეც დგას ქართული კულტურა და შესაბამისად, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მგონია, გარდა იმისა, რომ ბუნებრივია, თვითონ ემიგრანტებსაც გაუადვილდებათ ქართული წიგნების მოძიება და წაკითხვა.

– ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს ბიბლიოთეკა ძალიან კარგად მუშაობს: უკვე 200-მდე ადამიანია დარეგისტრირებული, ემიგრანტი ბავშვები ეცნობიან საქართველოს ისტორიას, ქართულ ლიტერატურას. გარდა ამისა, ამ ბიბლიოთეკას კიდევ ერთი განსაკუთრებული ფაქტი უკავშირდება, ალბათ თქვენთვისაც ცნობილია: ქართველი გოგონა, რომელიც ნეაპოლში, ფედერიკო სეკონდოს უნივერსიტეტის სტუდენტია, საქართველოზე პრეზენტაციას ამზადებს. როგორც ჩემთვისა არის ცნობილი, ამ ნაშრომის შედგენაში, მას, ნეაპოლში არსებული ბიბლიოთეკა ეხმარება. ალბათ, სწორედ, ამითაა განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე უცხო მიწაზე ქართული ბიბლიოთეკის არსებობაც… როგორ შეაფასებდით, უკვე რამდენიმე თვის შემდეგ ბიბლიოთეკის ფუნქციონირების ხარისხს? გაამართლა თქვენი მოლოდინები?

– ეს ბრწყინვალეა. ძალიან მიხარია, რომ ბიბლიოთეკა აქტიურად მუშაობს. უამრავი ადამიანი მეხმიანება ძალიან კმაყოფილი, ამ ფაქტთან დაკავშირებით და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ და კიდევ მეტი ღონისძიება გაიმართება ამ სივრცეში.

– იმ ადამიანების ღვაწლზეც, რომ გაგვიზიაროთ თქვენი შეხედულებები, რომლებიც დროს და ენერგიას უთმობენ ბიბლიოთეკის ფუნქციონირებას, თან სრულიად უანგაროდ… (თუმცა, ამას თავად ემიგრანტების მცირე, მაგრამ მაინც, გარკვეული ნაწილი, ნეგატიურად აფასებს)

– ის ადამიანები, რომლებიც ამ ამბავში ჩართულები არიან, არიან ძალიან მნიშვნელოვნები. უამრავი ემიგრანტი ჩაერთო ამ საქმეში სწორედ, მაკას თაოსნობით. ასევე, სხვა ადამიანებიც, რომლებიც ძალიან დიდი ენთუზიაზმით მოეკიდნენ ამ საქმეს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბიბლიოთეკა უფრო მეტად გაშლის ფრთებს.

– როგორ შეაფასებდით, უკვე რამდენიმე თვის შემდეგ ბიბლიოთეკის ფუნქციონირების ხარისხს? გაამართლა თქვენი მოლოდინები?

– რა თქმა უნდა, ჩემი მოლოდინები არათუ გაამართლა, არამედ, რეალურად, ცოტა გაოცებულიც კი დავრჩი მაკას ორგანიზების უნარით და შესაძლებლობებით.

– თქვენი ავტორობით უკვე გამოიცა წიგნი ხვიჩა კვარაცხელიაზე “ხვიჩა – ვარსკვლავი, სახელად ვარსკვლავი”, რომელიც ნეაპოლის ქართულ ბიბლიოთეკაში გაიყიდება… რომ გვითხრათ ამ წიგნის შესახებ ყველა მნიშვნელოვანი დეტალი?

– ხვიჩა კვარაცხელიაზე დაწერილი წიგნი, არის ნახევრად ბიოგრაფიული, უფრო პორტრეტული, რომელიც ამავდროულად ეხება მის წინაპრებს, საქართველოს, სამეგრელოს, წალენჯიხას, სოფელ ნაკიფუს, ქართულ ფეხბურთს და მის ფენომენს და შესაბამისად, არის მცდელობა, რომ ერთ პტარა წიგნში იყოს რაღაც ამბავი, რომელიც რეალურად, ხვიჩას და მის სამშობლოს ჯეროვნად წარმოაჩენს.

– მალე, ამ წიგნის იტალიური ვერსიაც გამოიცემა. ამასთან დაკავშირებითაც რომ მოგვიყვეთ…

– იტალიური ვერსიის გამოცემა იგეგმება, თუმცა, ამ ეტაპზე თარგმანზე მიდის მუშაობა. ამ პროცესში, საკმაოდ კოლეგიალური ჯგუფი არის ჩართული და იმედი მაქვს, რომ მალე დასრულდება და ვფიქრობთ, რომ დაახლოებით, სექტემბერში გამოიცემა.

– როდის გეგმავთ ნეაპოლში ჩამოსვლას და ქართველ ემიგრანტებთან ამ წიგნის პრეზენტაციას?

– ვფიქრობ, სექტემბერში შევძლებ ნეაპოლში ჩასვლას, რადგან, სავარაუდოდ ამ დროისთვის იქნება მზად ხვიჩას წიგნის იტალიური ვერსიაც.

– ჩვენთვის ასევე ცნობილია Lib.ge-ს აკადემიაზე დაარსებულ ონლაინ სკოლასთან დაკავშირებითაც. რომელ ქვეყნებში დაარსდა აღნიშნული სკოლა, ვინ არიან წარმომადგენლები საზღვარგარეთ, ასევე, იტალიაში და ა.შ.

– დიახ, Lib აკადემია არის პროექტი, რომელიც გულისხმობს ონლაინ სწავლებას ემიგრაციაში მცხოვრები ჩვენი პატარებისთვის და არამხოლოდ. საქართველოშიც და შესაბამისად, იტალიაშიც ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან ფართოდ ვიქნებით წარმოდგენილი. ნელ-ნელა აიღო სტარტი ამ ყველაფერმა და დარწმუნებული ვარ, ძალიან საინტერესო მომავალი გველოდება.

– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები, უახლოეს მომავალში ფიქრობთ, თუ არა საზღვარგარეთ მორიგი ბიბლიოთეკის გახსნაზე?

– რა თქმა უნდა, უახლოეს პერიოდში კიდევ ერთი ბიბლიოთეკის გახსნა იგეგმება. რომში უკვე ჩატანილია წიგნები და ვფიქრობთ, რომ დაახლოებით სექტემბერში შევძლებთ გავხსნათ ქართული სივრცე – ბიბლიოთეკის სახით, ემპოლიშიც იგეგმება წიგნების ჩატანა, ძალიან მალე სინობში წავალთ და ა.შ.

ავტორი: მზეკო ჟვანია

banner
წინა სტატიაშიმამუკა მდინარაძე – ევროკომისია თუ არ მოხსნის დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის საკითხს, მაშინ კანონპროექტის ამოქმედების ვადად მომდევნო წლის პირველი მარტი იქნება
შემდეგი სტატიახატია დეკანოიძე – საქართველოს კინოცენტრში, რომელიც კულტურის გამორჩეული და გასაფრთხილებელი ადგილია, თეა წულუკიანმა პროპაგანდის განმახორციელებელი ადამიანი დანიშნა