ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი ამტვერებადი მასალების გამოყენებასთან დაკავშირებული სამართალდარღვევები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გავრცელდება

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ’’ კანონის პროექტი, რომლითაც 2019 წლიდან მხოლოდ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი ამტვერებადი მასალების გამოყენებასთან დაკავშირებული სამართალდარღვევების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელება ხდება. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია ატმოსფერული ჰაერის მყარი ნაწილაკებით დაბინძურების შემცირება საქართველოს მასშტაბით, რაც მნიშვნელოვანია ჯანსაღი და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელი გარემოს უზრუნველსაყოფად. კანონპროექტით ხორციელდება ქალაქ თბილისში უკვე არსებული წარმატებული პრაქტიკის გამოყენება ამტვერებადი მასალების არასწორი გამოყენების პრევენციის კუთხით. კონკრეტულად კი, აღნიშნული ცვლილებებით საქართველოს მასშტაბით დგინდება სამართალდარღვევები:

– ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავებისთვის (დაჭრა, დაფქვა, დახერხვა, დაქუცმაცება და სხვა), რაც მტვერჩახშობას ვერ უზრუნველყოფს;

– მშენებარე კონსტრუქციის ღია სივრცეებში ამტვერებადი მასალის შეფუთვის გარეშე განთავსებისთვის (ფენილი, ბადე, საფარი), რაც ამ მასალისგან წარმოქმნილი მყარი ნაწილაკების გარემოში მოხვედრის თავიდან აცილებას ვერ უზრუნველყოფს;

– ამტვერებადი მასალის გადაუხურავი ან/და არასათანადოდ გადახურული ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაზიდვისთვის, რაც ამ მასალისგან წარმოქმნილი მყარი ნაწილაკების გარემოში მოხვედრის თავიდან აცილებას ვერ უზრუნველყოფს.

მოცემული სამართალდარღვევები ითვალისწინებს სანქციებს ჯარიმის სახით, რომელიც თითოეული დარღვევისთვის მერყეობს ფიზიკური პირისთვის 200-დან 500 ლარამდე, ხოლო იურიდიული პირისთვის 500-დან 2000 ლარამდე. აგრეთვე, სანქციის ნაწილში გათვალისწინებულია სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა, რომლის შემთხვევაშიც სამართალდამრღვევს დაეკისრება ჯარიმის გაზრდილი ოდენობა.

აღნიშნული ცვლილება ძალაში 2022 წლის 1 ივლისს შევა.

banner
წინა სტატიაშისუბარი – „ვიშიმშილებთ, სანამ ყოფილი პრეზიდენტი არ გათავისუფლდება“, ვერანაირ თანხმობამდე ვერ მიგვიყვანს
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტის მოლაპარაკებები ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია – დეგნანი