პროკურატურა ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებული შვიდი პირის მიმართ გირაოს ითხოვს, 10-ის მიმართ კი, პატიმრობას

region
ავტ.: region თებერვალი 2, 2019 12:25

პროკურატურა ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებული შვიდი პირის მიმართ გირაოს ითხოვს, 10-ის მიმართ კი, პატიმრობას

ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმეზე დაკავებული შვიდი პირის მიმართ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად გირაოს ითხოვს, ხოლო 10 დაკავებულის მიმართ – პატიმრობას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურორმა თორნიკე მარსაგიშვილმა განუცხადა.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, დღევანდელ სხდომაზე ცხრა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ, საიდანაც ექვსის მიმართ გირაო, ხოლო სამის მიმართ პატიმრობას ითხოვენ.

მისი თქმით, ჩანაწერის გამავრცელებლების მიმართ მოთხოვნილია პატიმრობა, ხოლო ხოლო იმ პირების მიმართ, რომელთაც უკანონოდ მოიპოვეს და შეინახეს – გირაო.

როგორც პროკურორმა განმარტა, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულია ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს, რომ აღნიშნულმა პირებმა სხვადასხვა წყაროდან მოიპოვეს აღნიშნული ნაწერები.

„დანაშაულია, როდესაც იღებ ინფორმაციას სხვისი პირადი ცხოვრების შესახებ და მიუხედავად იმისა, რომ გაქვს გონივრული დრო, რომ განაცხადო პოლიციაში და წაშალო ჩანაწერი, რათა არ მოხდეს მისი შემდგომი გავრცელება, ამას არ აკეთებ და ინახავ უკანონოდ.

დაკავებულების უმეტესობა თვითონ ცდილობდა აღნიშნული ვიდეოჩანაწერის მოპოვებას. არიან ადამიანები, რომლებმაც მიიღეს ჩანაწერი მეგობრებისგან და არ განაცხადეს პოლიციაში“, – განაცხადა თორნიკე მარსაგიშვილმა.

შსს-მ 1-ელ თებერვალს საღამოს დააკავა პირი, რომელმაც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი „იუთუბზე“ (youtube) ატვირთა.

მანამდე, შსს-მ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და მასობრივად გავრცელების ფაქტზე 16 პირი დააკავა.

გარდა ამისა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ფარული ჩანაწერების საქმეზე მათი ორი აქტივისტია დაკავებული.

region
ავტ.: region თებერვალი 2, 2019 12:25