„ფაიზერით“ ვაქცინაცია მოქალაქეებს პირველ ეტაპზე შვიდ სამედიცინო დაწესებულებაში შეეძლებათ

საქართველოში საყოველთაო ვაქცინაციის დაწყებასთან დაკავშირებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე იმ სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს შეხვდა, რომლებიც „ფაიზერით“ ვაქცინაციის პროცესში არიან ჩართული.

ამის შესახებ ინფორაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, „ფაიზერით“ იმუნიზაცია მოქალაქეებს პირველ ეტაპზე შვიდ სამედიცინო დაწესებულებაში შეეძლებათ. ესენია: ამტელ ჰოსპიტალ პირველი კლინიკური, კავკასიის მედიცინის ცენტრი, აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა, ივ.ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი, ქ. ბათუმში რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო, ქ. ქუთაისში დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი და ქ. გორში გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი.

უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, „ფაიზერით“ ვაქცინაციის პროცესში 30 ბრიგადაა ჩართული, თუმცა იმუნიზაციის პროცესში ეტაპობრივად 80 სამედიცინო დაწესებულება, სულ მცირე 240 ბრიგადით ჩაერთვება.

„ფაიზერით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია მოქალაქეებს დღეს, 15:00 საათიდან შეეძლებათ, აცრის პროცესი კი 16 ივლისიდან დაიწყება. „ფაიზერის“ ვაქცინაციისთვის საჭირო ორი დოზა, 21-28 დღის ინტერვალით კეთდება. აცრაზე რეგისტრაცია შესაძლებელია, როგორც ელექტრონული პორტალის – https://booking.moh.gov.ge მეშვეობით, ასევე უშუალოდ დაწესებულების ცხელ ხაზზე.

გარდა ამისა, ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის მოქმედებს ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზის სპეციალური ნომერი – 14 4-3. ვაქცინაციის მსურველებს დარეგისტრირება შეუძლიათ პირდაპირ კლინიკაში ვიზიტის დროსაც. „ფაიზერმა“ ვაქცინა გერმანულ პარტნიორ კომპანია „ბიონტექთან“ ერთად შექმნა. „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

banner
წინა სტატიაშიბოლო 24 საათში კორონავირუსით 13 პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიათბილისის მერი აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა