ოკუპირებულ აფხაზეთში რეფერენდუმი მიმდინარეობს, სადაც მოსახლეობამ პასუხი უნდა გასცეს კითხვას უნდა ჩატარდეს თუ არა ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები. ხმის მიცემა დილის 8 საათიდან დაიწყო, თუმცა ადგილობრივები დაბალ აქტივობაზე საუბრობენ.
იმისთვის, რომ რეფერენდუმი შედგეს, საკუთარი პოზიცია ამომრჩეველთა 50-მა პროცენტმა უნდა დააფიქსიროს. მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხვა ოპოზიციის მიერაა ინიცირებული, მათ პროცესს ბოიკოტი გამოუცხადეს.
ოპოზიცია აცხადებენ, რომ არ აღიარებენ რეფერენდუმის შედეგებს, რადგან მათ სააგიტაციო კამპანიის ჩასატარებლად დრო არ ჰქონდათ და აფხაზ ხალხს საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვის საშუალება არ მიეცემათ.
ოპოზიციის წარმომადგენლები რეფერენდუმის შემოდგომისთვის გადადებას მოითხოვდნენ, თუმცა რაულ ხაჯიმბამ მათი პოზიცია არ დააკმაყოფილა.