ბარაკ ობამა : ,,ჩვენ გავაკეთებთ უფრო მეტს, რომ დავეხმაროთ საქართველოს საკუთარი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში“

ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება ამერიკის გამარჯვებაა

ვარშავის სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ბარაკ ობამამ ნატოს პარტნიორების მხარდაჭერის აუცილებლობაზე ისაუბრა და ამ საკითხში საქართველოც მოიხსენია. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ალიანსი გააგრძელებს პარტნიორების დახმარებას და მათ შორის საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში დაეხმარება.

ობამას განცხადებით, ბოლო 70 წლის განმავლობაში ნატო არასდროს ყოფილა ასეთი გამოწვევების წინაშე, როგორც დღეს არის და მაგალითად შეერთებულ შტატებში, კანადასა და ევროპაში მომხდარი ტერაქტები მოიყვანა, მიგრანტების კრიზისი, ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და მოსკოვის პროვოკაციული ქმედებები.

ობამას განცხადებით, ასეთი გამოწვევების პერიოდში ალიანსი გააგრძელებს ნატოს წევრებისა და მისი პარტნიორების თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას.

„ნატო არასდროს ყოფილა ასეთი გამოწვევების წინაშე, როგორიც დღეს არსებობს უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და პოლიტიკური კუთხით. მინდა ვთქვა გარკვევით ის, რაც არასდროს შეიცვლება – ეს არის ევროპის უსაფრთხოების, თავდაცვის, ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისა და ერთობლივი თავდაცვისადმი შეერთებული შტატების ურყევი ერთგულება. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ნატოს წესდების მეხუთე მუხლის მხარდაჭერა და შევთანხმდით კოლექტიური თავდაცვის მნიშვნელოვან გაძლიერებაზე იმ დონემდე, როგორიც ცივი ომის შემდეგ არ მომხდარა. ვაძლიერებთ ნატოს თავდაცვას, როგორც შეკავების შეკავების პოლიტიკის ნაწილს, ვაგრძელებთ მუშაობას ევროპულ ინიციატივაზე, რომელიც ბალტიისპირეთიდან შავი ზღვის ჩათვლით უსაფრთხოების გაძლიერებას გულისხმობს, ვაძლიერებთ ჩვენს ყოფნას აღმოსავლეთ ფლანგზე. ვეხმარებით უკრაინას, რომელსაც კომისიის სხდომის ფარგლებში მიენიჭა ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტი. ჩვენ გავაკეთებთ უფრო მეტს, რომ დავეხმაროთ ჩვენს პარტნიორებს ჩრდილო აფრიკიდან ახლო აღმოსავლეთამდე და საქართველოს საკუთარი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში,“ – განაცხადა ბარაკ ობამამ.

banner
წინა სტატიაშიოკუპირებულ აფხაზეთში რეფერენდუმი მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაზუგდიდში კარატეს საერთაშორისო ტურნირი გაიმართა