ნიკოლ ფაშინიანი : რა თქმა უნდა, სომხეთში ვარ და ვაგრძელებ მუშაობას, როგორც პრემიერ-მინისტრი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მორიგ განცხადებას ავრცელებს.

ნიკოლ ფაშინიანი ამბობს, რომ ის სომხეთშია და პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულებას აგრძელებს.

„რა თქმა უნდა, სომხეთში ვარ და ვაგრძელებ მუშაობას, როგორც პრემიერ-მინისტრი“, – წერს ფაშინიანი „ფეისბუქზე“.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გვიან ღამით განაცხადა, რომ რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტას ითვალისწინებს. სომხეთის პრემიერის განცხადებას ერევანში პროტესტი მოჰყვა. ასობით ადამიანი ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბა. დემონსტრანტების ნაწილი მთავრობის სახლში შეიჭრა. აქციის მონაწილეები ფიზიკურად გაუსწორდნენ სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეს. სომხეთის პრემიერმა მოგვიანებით გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნა, რომ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.

შეთანხმებას ზეიმი მოჰყვა ბაქოს ქუჩებში. განცხადება გააკეთა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმაც, რომლის თქმით, „ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საქმეში წერტილი დასმულია“. ალიევის განმარტებით, შეთანხმების ერთ-ერთ პუნქტს მთიან ყარაბაღში რუსეთისა და თურქეთის ერთობლივი სამშვიდობო მისია წარმოადგენს.

უკვე გამოქვეყნდა სამმხრივი შეთანხმების ტექსტიც. ცხრაპუნქტიანი შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი მთიან ყარაბაღში 2 000-მდე რუსი მშვიდობისმყოფელის განლაგებას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიილჰამ ალიევი აცხადებს, რომ მთიან ყარაბაღთან დაკავშირებული შეთანხმება სომხეთის მხრიდან ფაქტობრივ სამხედრო კაპიტულაციას ნიშნავს
შემდეგი სტატიაარაღიარებული მთიანი ყარაბაღის ლიდერი – მძიმე მდგომარეობის, სამომავლოდ დიდი დანაკარგისა და არცახის სრული დაკარგვის თავიდან აცილების მიზნით, ომის შეწყვეტაზე თანხმობა გავეცი