მოლდოვამ და უკრაინამ გააკეთეს უმთავრესი, ოლიგარქიული სისტემა დაშალეს, ჩვენ კი ოლიგარქია გავაძლიერეთ – შეასრულებს ამ პირობებს ხელისუფლება? არა და არც აპირებს! – სიმონიშვილი

შეასრულებს ამ პირობებს ხელისუფლება? არა და არც აპირებს, – ამის შესახებ საია-ს თავმჯდომარემ ნიკა სიმონიშვილმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღები რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც სიმონიშვილი აღნიშნავს, აღნიშნული პირობების შესრულება ერთპიროვნული ძალაუფლების დაკარგვას და სახელმწიფო ორგანოების რეალურ დამოუკიდებლობას ნიშნავს.

სიმონიშვილის თქმით, “ხელისუფლება გვატყუებს, თითქოს კანდიდატობა ფორმალურია”.

“საქართველომ ასოცირების ტრიოში ლიდერობა რომ დაკარგა და უკრაინასა და მოლდოვაზე უარეს მდგომარეობაში ვართ, ხელისუფლების პოლიტიკის ბრალია. ლიდერობა, როგორც ხელისუფლებას ჰგონია, მხოლოდ კანონების ცვლილება არაა, ამ კანონებს შესაბამისი აღსრულება სჭირდება.

ბოლო წლებმა აჩვენა, რომ ასეთი ცვლილებები მხოლოდ ოლიგარქიული სისტემის ჩამოყალიბებას მოემსახურა. მოლდოვამ და უკრაინამ გააკეთეს უმთავრესი, ოლიგარქიული სისტემა დაშალეს და ნდობა დაიმსახურეს, ჩვენ კი გავაძლიერეთ ოლიგარქია.

ახლა კი ყველაზე მნიშვნელოვანი, რა პერსპექტივები აქვს საქართველოს?

უმთავრესი კითხვა, გვეშველება ახლა რამე? კი, თუ შევასრულებთ იმ პირობებს, რომლებსაც ევროპა გვთხოვს და რომელთა შესრულება არც თუ რთულია, თუ ამის პოლიტიკური ნება ექნება ხელისუფლებას. აქვე დავძენ იმასაც, რომ ეს პირობები სახელმწიფო ინსტიტუციების გაძლიერებას და ყველა ჩვენგანის უფლებების დაცვას მიემართება და არავინ გვართმევს ქართველობას. ვისი შესასრულებელია ეს ყველაფერი? ძირითადად ხელისუფლების, რომლის ხელშიცაა თავიდან ბოლომდე ამ პროცესის წარმართვა, ხოლო ოპოზიციამ ამაში მონაწილეობა უნდა მიიღოს. შეასრულებს ამ პირობებს ხელისუფლება? არა და არც აპირებს. მეტიც, ამ პირობების შესრულება ერთპიროვნული ძალაუფლების დაკარგვას და სახელმწიფო ორგანოების რეალურ დამოუკიდებლობას ნიშნავს. ეს კი ძირს გამოუთხრის იმ ოლიგარქიულ სისტემას, რომელიც ქვეყანაში გვაქვს”,- აცხადებს სიმონიშვილი.

მისივე განმარტებით, ხელისუფლებაზე ყოველდღიური ზეწოლაა აუცილებელი.

“ჩვენ რა უნდა ვქნათ? ისტორიას არ ახსოვს, ავტორიტარებს საკუთარი ნებით დაეთმოთ ძალაუფლება და თუ არა აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, ამ ძალაუფლებით ტკბობას ისინი უსასრულოდ გააგრელებდნენ. აუცილებელია ყოველდარიური ზეწოლა ხელისუფლებაზე, პასუხის მოთხოვნა და ხალხის ძალის ჩვენება. ვისაც ჩემი და ჩემი კოლეგების იმედი გაქვთ არასამთავრობო სექტორიდან, მხოლოდ ჩვენი მუშაობა არაა საკმარისი, საჭიროა ხალხის ხმა.

საერთოდ რაში გვჭირდება კანდიდატის სტატუსი? ხელისუფლება გვატყუებს, თითქოს კანდიდატობა ფორმალურია. ჯერ ერთი, ეს წევრობამდე გასავლელი გზის აუცილებელი ნაწილია და მეორე, ამას შესაბამისი ფინანსური და ეკონომიკური სარგებელი მოყვება. ხოდა ხვალ რომ გაიღვიძებთ და ჩამოქცეული ეკონომიკით უკმაყოფილო უმისამართო ლანძღვას დაიწყებთ, იცოდეთ, ეს ხელისუფლების ბრალია.

უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატობა ომის გამო შეიძლება მიიღონ? ტყუილია და ამ არგუმენტით ხელისუფლება საკუთარი ბრალის დაფარვას ცდილობს. ძალიან ცხადად გვითხრეს, რომ უკრაინამ და მოლდოვამ უმთავრესში გაგვასწრო, ოლიგარქია მოიშორა, ჩვენ კიდევ მიღებული კანონებით ვეჯიბრებით. ერთადერთი, რასაც ფარდა ნამდვილად უნდა აეხადოს, ეს “ქართული ოცნების” მავნებლური და დამღუპველი პოლიტიკაა”,- აცხადებს სიმონიშვილი.

მისივე თქმით, ის უმთავრესი წინაღობა, რომელიც ამ გზაზე გვეღობება, ეს ხელისუფლების პოლიტიკაა.

“თქვენი არ ვიცი და მე 20 ივნისს გავდივარ აქციაზე საქართველოს ევროპული გზის დასაცავად, არ მინდა, ჩვენი მომავალი რამდენიმე ბოროტი ადამიანის კეთილდღეობას გადაყვეს. ქვეყანას ნამდვილად აქვს იმის რესურსი, წინ წავიდეს, თუმცა, უმთავრესი წინაღობა, რომელიც ამ გზაზე გვეღობება, ეს ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკაა.

ამიტომ აუცილებელია, “ენჯეოებმა” ჩვენი საქმე ვაკეთოთ, მოქალაქეებმა ხელისუფლებას მუდმივად ვაჩვენოთ ჩვენი ძალა და პასუხი მოვთხოვოთ და პოლიტიკურმა პარტიებმა შექმნან პოზიტიური დღის წესრიგი, რათა საზოგადოებამ დაინახოს ამ საშინელი მდგომარეობის ალტერნატივა”,- წერს სიმონიშვილი.

banner
წინა სტატიაშიარ ვიტყოდი, რომ ევროკომისიის რეკომენდაცია საქართველოს ევროპული მომავლის დასასრულია, მაგრამ ის, რომ დიდი ხნით გადავადდა გაწევრიანება ევროპულ ოჯახში, ეს ფაქტია – ნინო ბურჯანაძე
შემდეგი სტატიაერთი მცირე მტკიცებულებაც კი, რაც ოლიგარქიასთან დაკავშირებით შეიძლება იყოს წარმოდგენილი, ჩვენს მიერ განხილული იქნება – ასეთი მტკიცებულება ივანიშვილზე ვერ იქნება, ასეთი მტკიცებულება ბუნებაში არ არსებობს! – მდინარაძე