არ ვიტყოდი, რომ ევროკომისიის რეკომენდაცია საქართველოს ევროპული მომავლის დასასრულია, მაგრამ ის, რომ დიდი ხნით გადავადდა გაწევრიანება ევროპულ ოჯახში, ეს ფაქტია – ნინო ბურჯანაძე

არ ვიტყოდი, რომ ევროკომისიის რეკომენდაცია საქართველოს ევროპული მომავლის დასასრულია, მაგრამ ის, რომ ძალიან დიდი ხნით გადავადდა ჩვენი გაწევრიანება ევროპულ ოჯახში, ეს ფაქტია და ეს მით უფრო, თუ ჩვენ შევეგუებით ოლიგარქიულ მმართველობას, – ამის შესახებ “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა.

როგორც ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, არცერთი ცვლილება არ განხორციელდება, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში დარჩება

“სამწუხაროდ, გამართლდა ჩემი ყველაზე ცუდი მოლოდინი, რიტორიკის დონეზეც კი საქართველო გამოეთიშა უკრაინა-მოლდოვა-საქართველოს სამეულს და ფაქტია, რომ უკრაინა და მოლდოვა ერთ სიბრტყეზე დააყენეს, საქართველო კი, სრულიად სხვა და ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელ, სამწუხარო სიბრტყეზე.

იმ ვითარებაში, როდესაც საქართველოს არაფორმალური ოლიგარქი ოლიგარქიული მმართველობით მართავს, პრაქტიკულად ნულის ტოლფასია ევროკავშირში გაწევრიანება, იმიტომ, რომ ოლიგარქიული და არაფორმალური მმართველობა არის ის, რაც სრულიად უცხო და მიუღებელია ევროკავშირისთვის. მიუღებელია არა რაიმე აკვიატების გამო, არამედ იმის გამო, რომ ოლიგარქიულ მმართველობას ახასიათებს კონკრეტული ნიშნები, როგორიც არის „კლანური“ მმართველობა, არადამოუკიდებელი სასამართლო, კორუფციის მაღალი ხარისხი, რაც პირდაპირ შეუთავსებელია ევროპულ ფასეულობებთან და იმ პრინციპებთან, რომელზეც აგებულია ევროკავშირი. ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველო, რომელსაც ნამდვილად ძალიან დიდი შანსები ჰქონდა, თანმიმდევრულად კარგავს ამ შანსებს, ჩნდება უფრო მეტი წინაღობა, ვიდრე შანსები, ამ წინაღობების გადალახვისა. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ იმ გადაწყვეტილებაში, რომელსაც სავარაუდოდ, 24 ივნისს მიიღებს ევროკავშირი, რა თქმა უნდა, ხელისუფლების ნეგატიური როლი არის განუზომელი და მთავარი პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას ეკისრება, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ასევე ჩვენ, ყველას გვეკისრება ჩვენი წილი პასუხისმგებლობა იმის გამო, რომ არ შევცვალეთ ოლიგარქიული მმართველობა, არ გავაკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ არ შეგვერჩინა ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნებისთვის“ 2020 წლის გაყალბებული არჩევნები, რომელიც იძლეოდა კოალიციური მმართველობით ქვეყანაში ერთპიროვნული მმართველობის ჩანაცვლების შანსს, არ გავაკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ ვადამდელი არჩევნები მოგვეპოვებინა და ამით ეს შანსი, რომელიც საქართველოს ტრაგიკულმა მოვლენებმა მისცა, არ დაგვეკარგა”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

წინა სტატიაშიჯონსონი-ზელენსკის შეხვედრაზე უკრაინისთვის სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებაზე ისაუბრეს
შემდეგი სტატიამოლდოვამ და უკრაინამ გააკეთეს უმთავრესი, ოლიგარქიული სისტემა დაშალეს, ჩვენ კი ოლიგარქია გავაძლიერეთ – შეასრულებს ამ პირობებს ხელისუფლება? არა და არც აპირებს! – სიმონიშვილი