“მიმდინარე და დაანონსებული პროექტები იძლევა შესაძლებლობას, მეტი ინვესტიცია მოვიზიდოთ და განვავითაროთ ჩვენი მხარე”

როდესაც ხელისუფლება ქმნის გარემოს, აქ ბიზნესიც უნდა იყოს კეთილსინდისიერი კონკრეტულ მიდგომებში, რაც თავისთავად შექმნის ჯანსაღ გარემოს, – ასე მიმართა სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში ზვიად შალამბერიძემ ქუთაისში, ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვედრაზე, რომელშიც სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მოადგილე გურამ გიორგაძე მონაწილეობდნენ.

“ბიზნესის განვითარება და ხელშეწყობა, ჩვენი გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტია. როგორც იცით, იმერეთი წელს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ჰაბია ბიზნესისთვის, რადგან მიმდინარე და დაანონსებული პროექტები იძლევა შესაძლებლობას, მეტი ინვესტიცია მოვიზიდოთ და განვავითაროთ ჩვენი მხარე. ჩემთვის ბიზნესის ხელშეწყობა და მათი პრობლემების გაცნობა არახალია, ბევრი თქვენგანი ყოფილხართ შეხვედრაზე და განგვიხილავს არსებული პრობლემები. როდესაც ხელისუფლება ქმნის გარემოს, აქ ბიზნესიც უნდა იყოს კეთილსინდისიერი კონკრეტულ მიდგომებში, რაც თავისთავად შექმნის ჯანსაღ გარემოს ბიზნესის კეთების კუთხით, შეიქმნება სამუშაო ადგილები, დასაქმდება ასეულობით ჩვენი თანამოქალაქე, რაც ყველა ჩვენგანისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია.

მივესალმები მსგავსი ტიპის შეხვედრებს და აქვე გიანონსებთ, რომ ჩვენ 2-3 მაისს ვგეგმავთ დიდ საერთაშორისო ბიზნეს ფორუმს, სადაც აქ მოღვაწე ბიზნესმენებს შეგეძლებათ პირდაპირი დიალოგი აწარმოოთ ინვესტორებთან, რომლებსაც მოვიწვევთ და დაესწრებიან აღნიშნულ ფორუმს”, – განაცხადა შალამბერიძემ.

ღია დიალოგის ფორმატში ბიზნესთან უშუალო კომუნიკაციის და გამოწვევების გამოვლენის, სახელმწიფო სერვისებსა და საერთაშორისო გრანტებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ იმსჯელეს, ასევე მიმოიხილეს დაგეგმილ და მიმდინარე ინიციატივები.

მცირე და საშუალო მეწარმეების გამოწვევებს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ყველა რეგიონში გაეცნობა, მოხდება პრობლემების სიღრმისეულ ანალიზი, შემდგომი რეაგირებისთვის დონორებთან და შესაბამის უწყებებთან ბიზნესის პრობლემების მიტანა და ხელშეწყობა.

banner
წინა სტატიაშისტამბოლის პოლიციამ ე.წ. რუსული მაფიის წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავა
შემდეგი სტატიათბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან ხაბეიშვილის სასამართლო პროცესი 20:30-ზე გაიმართება