მარინა ეზუგბაია : კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევებიდან პაციენტების 80 პროცენტი გამოჯანმრთელდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი ოთხი ახალი შემთხვევიდან სამი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ხოლო ერთი საბურთალოს კლასტერიდან დადასტურებული შემთხვევის კონტაქტს წარმოადგენს.

„სატვირთო ავტომობილების მძღოლებთან დაკავშირებით არის შემოტანილი, ანუ ე.წ. იმპორტირებული შემთხვევა, არ არიან საქართველოს მოქალაქეები“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, საბურთალოს კლასტერიდან ერთ-ერთი ოჯახის მეოთხე წევრს, რომელსაც ტესტირება გუშინ ჩაუტარდა, კორონავირუსი არ დაუდგინდა.

„ოჯახის წევრთან არ დადასტურდა, ვინაიდან მას ჰქონდა კლინიკა გამოვლენილი, გავაგრძელებთ კვლევას სხვა ვირუსებზე, მაგრამ მასთან კოვიდი გამოირციხა“,- განაცხადა ეზუგბაიამ და დასძინა, რომ თბილისის ინფექციურ საავდმყოფოში ე.წ. საბურთალოს კლასტერიდან 20-ზე მეტი პაციენტი მკურნალობს.

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ამ ეტაპზე კოვიდ-ცენტრებში 147 კოვიდდადასტურებული რჩება.

„დღევანდელი მონაცემებით, მხოლოდ ოთხი ახალი დადასტურებული შემთხვევა შემოგვემატა და გახდა 800. გამოჯანმრთელებულები გაიზარდა ექვსით და არის 640, რომელიც წარმოადგენს 80 პროცენტს ინფიცირებულებიდან. ამ ეტაპზე კოვიდ-ცენტრებში 147 კოვიდდადასტურებული მკურნალობს“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება უშუალოდ ინფექციური საავადმყოფოს მონაცემებს, მარინა ეზუგბაია განმარტავს, რომ მათ ცენტრში 57 დადასტურებული პაციენტი მკურნალობს.

„ორი შემოგვემატა გუშინ დადასტურებული შემთხვევა, ესენი არიან ჩვენთან მკურნალობაზე მყოფი პაციენტების ოჯახის ორი წევრი. ესეც საბურთალოს კლასტერია. ორიც გამოჯანმრთელდა და დატოვა კლინიკა“,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას თქმით, ინფექციურ საავადმყოფოს ამჟამად მძიმე პნევმონიით და პრობლემური პაციენტები არ ჰყავს.

„ძირითადად საშუალო სიმძიმის პაციენტები ჭარბობს და მცირე რაოდენობით არიან მსუბუქი პაციენტები“,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლები ფაქტზე,რუსეთის მოქალაქე პასუხისგებაში მისცა
შემდეგი სტატიაქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით ერთი პაციენტი შეიყვანეს