მარგველაშვილი : ანა დოლიძეს მოქმედი სააკაშვილის და ადეიშვილის არ ეშინოდა და კომიკურია, რომ დღეს ვინმესი შეეშინდეს

ვინც ფიქრობს, რომ ანა დოლიძე შეიძლება შეაშინოს ან დააშინოს, ელემენტარულად არ იცის, რომ მაშინ, როცა სულ რამდენიმე ადამიანი აპროტესტებდა გირგვლიანის მკვლელობას, ის ქუჩაში უპირისპირდებოდა მის მკვლელებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თელავის უნივერსიტეტის სტუდენტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ბოლო დროს მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ანა დოლიძეს „მოქმედი ადეიშვილის და მოქმედი სააკაშვილის“ არ ეშინოდა და კომიკურია, რომ დღეს ვინმესი შეეშინდეს.

გიორგი მარგველაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პროცესები ცივილურ სახეს მიიღებს.

„ბევრი ადამიანი, მათ შორის მოსამართლე, მაშინ შინაგან სინდისს უსმენდა ხოლმე ტელეფონის ზარით, რომელიც შედიოდა ადეიშვილის კაბინეტიდან. ასე, რომ ანა დოლიძე, რომელსაც ასეთი ბიოგრაფია აქვს, მას ჩემი დაცვა ნამდვილად არ სჭირდება. ანა დოლიძის გამოცდილება, როგორი ცხოვრებითაც იცხოვრა და როგორც ემსახურა ჩვენს სამშობლოს, ძალიან კარგია არა მარტო იმით, რომ მას შეუძლია წყნარად მოიხედოს და თავის წარსულზე თქვას, რომ არ იყო შემთხვევა, როცა მას თვალი დაუხუჭია სხვის ჩაგვრაზე, მკვლელობაზე, ციხეში უსამართლოდ ჩასმაზე, ამის გარდა, ქალბატონ ანას და იმ ადამიანებს, ვინც მაშინ იყვნენ აქტიურები, შეიძინეს ასევე სერიოზული გამოცდილებაც.

მოქმედი ადეიშვილის და მოქმედი სააკაშვილის არ ეშინოდა ანა დოლიძეს და კომიკურია, რომ დღეს ვინმესი შეეშინდეს მას. რა თქმა უნდა, მე იმედი მაქვს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე პროცესები უფრო ცივილიზებულ სახეს მიიღებს და ბოლოს და ბოლოს, იქაური აქტორები მიხვდებიან, რომ ბულინგით ვერაფერს ვერ გაიტანენ და დაიწყება შინაარსობრივი დისკუსია სასამართლო სისტემის რეფორმირებაზე, რაც ასე ძალიან სჭირდება ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გუშინ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებმა ანა დოლიძეს რუსულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობაში დასდეს ბრალი. ანა დოლიძემ კოლეგების ბრალდებას ”ამხანაგური სასამართლო” და ”ორღობის ჭორაობა” უწოდა.

banner
წინა სტატიაშითუ ვეტო იქნება დაძლეული, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტი დააზარალებს პლურალისტურ მედიას და საზოგადოებრივი მაუწყებლის იმიჯსაც
შემდეგი სტატიაგვარის შეცვლის წესი მკაცრდება