მამუკა გამყრელიძე: „ჩავიკეტეთ ჭორვილაში”, – ეს ვერ უშველის სახელმწიფოს!“

საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის პარალელურად, ჩვენს რეგიონში ვითარება იძაბება. კონკრეტულად კი, აღმოსავლეთ უკრაინაში მდგომარეობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც 26 მარტს სოფელ შუმასთან სეპარატისტების მიერ გახსნილი საარტილერიო ცეცხლით 4 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. 2 აპრილს კი დონბასში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის 1021 შემთხვევა აღირიცხა, მათ შორის 511 აფეთქება. ეუთოს ანგარიშების მიხედვით, ეს ბოლო ერთი თვის მანძილზე აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის ყველაზე მეტი შემთხვევაა.

გამყრელიძეროგორ აისახება საქართველოზე რეგიონში არსებული დაძაბული ვითარება, რა პერსპექტივა აქვს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებს და რა უნდა გაითვალისწინოს ამ ვითარებაში ორივე მხარემ, – ამ თემებზე „თაიმერი“ „ევროპელი დემოკრატების“ გენერალურ მდივან მამუკა გამყრელიძეს ესაუბრა:

= ბატონო მამუკა, რა შემთხვევაში შეიძლება შედგეს შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, შეთანხმების შანსი რამდენად მაღალია?

უპირველეს ყოვილისა, ხელისუფლებისგან რაღაც ტიპის კომპრომისზე წასვლის სურვილს ვერ ვხედავ. ოპოზიციაც რთულ სიტუაციაშია: მისთვის განსაკუთრებულ დათმობაზე წასვლა საკუთარი ამომრჩევლისთვის ძალიან ცუდი სიგნალი იქნება. აქედან გამომდინარე, მოლაპარაკების რეალურ პერსპექტივას ჯერ ვერ ვხედავ. ერთადერთი შესაძლებლობა იმისა, რომ შეთანხმება შედგეს, ეს არის მხარეების იძულება, ევროკავშირისა და აშშ-ს მხრიდან. ასეთ შემთხვევაში, ორივე მხარეს მოუწევს რაღაცის დათმობა. უკვე არის სიგნალი ევროკავშირიდან, რომ მაკროფინანსურ დახმარებაზე კითხვებს დასვამენ და შესაძლოა, საერთოდ შეგვიწყვიტონ კიდეც. ჩვენი ქვეყნის იმპორტ-ექსპორტის სალდო მკვეთრად უარყოფითია და საექსპორტო ჩამონათვალიდან ყველაზე დიდი წილი ჯართს აქვს, ეს იმდენად ცუდი სურათია ქვეყნის ეკონომიკისთვის, რომ შესაძლებელია ქვეყანა დეფოლტის ( ხელისუფლება როცა აღიარებს, რომ ვალების გადახდა არ შეუძლია) წინაშე აღმოჩნდეს. რაც მე გავლილი მაქვს ერთ-ერთ ქვეყანაში და ვიცი რასაც ნიშნავს, ეს არის მოსალხლეობის დიდი ნაწილის გაუბედურება. შესაბამისად, ასეთ ვითარებაში ევროკავშირის მხრიდან ფინანსური სანქციები საქართველოსთვის ყელის გამოჭრის ტოლფასი იქნება.

-1 აპრილს გავრცელდა ევროპარლამენტარების საკმაოდ კრიტიკული განცხადება, სადაც საუბარია საქართველოსთან მიმართებაში ფინანსური დახმარების შეჩერებაზე, „ქართული ოცნების“ ლიდერები, მათ შორის გია ვოლსკი აცხადებს, რომ ეს მხოლოდ 7 ევროპარლამენტარის განცხადებაა და არაფერს ცვლის – რაზე მეტყველებს მმართველი გუნდის ეს განცხადებები?

„ქართული ოცნების“ ლიდერების ეს შეფასებები იმდენად აბსურდულია, რომ ამაზე კომენტარის გაკეთება ღიმილისმომგვრელია. მე მქონდა იმის იმედი, რომ მათ ესმოდათ შექმნილი ვითარების უკიდურესი სიმძიმე, მაგრამ ჩვენს ისტემბლიშმენტზე კომპენტენტურ პირებთან მქონდა საუბარი და მათ მითხრეს, რომ მმართველი გუნდი მართლაც ვერ აღიქვამს რეალობას, რაც უდიდესი საფრთხეა, როგორც ქვეყნისთვის, ასევე საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის. წარმოიდგინეთ, პირები, რომლებიც ქვეყნის მართვის სათავეში არიან, ვერ აცობიერებენ რა მნიშვნელობა აქვს ევროპარლამენტარების გზავნილს. მათ ავიწყდებათ, რომ სწორედ ეს 7 ევროპარლამენტარი წარმოადგენს იმ 500 დეპუტატს, რომელიც ევროპარლამენტშია. ასევე, აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი დასკვნები იგზავნება ელჩებისგანაც, მათ შორის, საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელისგან. ევროკავშირში, მათ შორის, ელჩების მიერ გაგზავნილი ანგარიშებიდან იღებენ გადაწყვეტილებებს, ეს ერთიანი სისტემაა. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ევროპარლამენტარების რაოდენობაზე აქცენტის გაკეთება. ამ დიდი სისტემის ნაწილი არიან ის ევროპარლამენტარები, რომელთაც ძალიან კრიტიკული განცხადება გააკეთეს. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ მხრიდან რაოდენობაზე ყურადღების გამახვილება უკიდურესი სიბრიყვეა. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროპარლამენტარები პოლიტიკოსების შეფასებებს დიდი ყურადღებით აკვირდებიან. ამიტომ, მათ აუცილებლად ექნებათ მწვავე რეაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერების გამონათქვამებზე. მმართველი გუნდის ლიდერების მხრიდან ევროპარლამენტარების დაკნინებით მოხსენიება, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნისთვისაა სამარცხვინო. ამ საკითხზე აუცილებლად უნდა გაეკეთებინა განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრს და „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებები აუცილებლად უნდა შეერბილებინა. შარლ მიშელის ჩამოსვლა საქართველოში და შემდეგ მისი მხრიდან  პირადი წარმომადგენლის გამოგზავნა იმაზე მეტყველებს, რომ ევროკავშირი ძალიან სერიოზულად არის დაინტერესებული, იმით,  რომ ჩვენ ქვეყნაში შეთანხმება შედგეს და ოპოზიცია პარლამენტში შევიდეს. ამ ნაწილში ყურადღება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონში შექმნილ ვითარებას უნდა ვაქციოთ. რეგიონში უმძიმესი სიტუაციაა, ზედაპირული და ირიბი ნიშნებით, უკრაინასა და რუსეთს შორის დაპირისპირებაში შეინიშნება. ცხადია, რუსეთი დღესვე არ შეიჭრება უკრაინაში, თუმცა უკრაინის დასუსტების შემდეგ  ყირიმზე სახმელეთო მისასვლელის გაჭრას შეეცდება. ამ სიტუაციაში თურქეთი აუცილებლად იქნება ჩართული, რადგან მონტროს ხელშეკრულების თანახმად, თურქეთის ნებართვით, არა შავ ზღვაში შემავალი ქვეყნების სამხედრო გემები, შავ ზღვაში მხოლოდ 3 კვირის განმავლობაში ჩერდებიან. ასევე, ამერიკელების თქმით, თუ რამე მოხდა უკრაინაში, ისინი აუცილებლად შემოუშვებენ გემებს, ე.ი ამერიკაც ჩართულია, თუმცა მათ ამის განსახორციელებლად თურქეთის თანხმობა სჭირდებათ. ეს არის უზარმაზარი გეოპოლიტიკური პრობლემა და საფრთხე. ამერიკას და ევროპას საქართველოში შემდგარი პარლამენტი სჭირდება. ჩვენს რეგიონში საქართველო დასავლეთისთვის რეალური დასაყრდენია. ასეთ პირობებში ამ ყველაფრის არ გათვალისწინება, ხელისუფლების ან ოპოზიციის მხრიდან არის დანაშაულის ტოლფასი. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ჩვენი რეგიონი ამერიკის ყურადღებას არის მოკლებული, ამერიკა ზოგადად ბევრად უფრო მკვეთრად ერევა, ვიდრე ევროპა. ასეთ საკითხებში ევროპა, უფრო დელიკატურია. ვიმედოვნებ ამერიკის კიდევ უფრო გააქტიურებას.

-ამ პირობებში რა სამოქმედო არეალი აქვს ხელისუფლებასა და  ოპოზიციას, რისი გაკეთება შეუძლიათ მათ?

ოპოზიციას შეუძლია უარი თქვას საკუთარ მოთხოვნებზე, რაც არის ვადამდელი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და თავჩაღუნული შევიდეს პარლამენტში. რაც, ვფქირობ არასწორია, რადგან ამით ისინი სრულიად დაკარგავენ პატივისცემასა და ნდობას თავიანთ ამომრჩეველში. რაც შეეხება ხელისუფლებას, რომელსაც ამ კრიზისის შექმისთვის ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, რეალურად არაფერს თმობს. მათ ის მაინც შეუძლიათ, რომ პოლიპატიმრების გათავისუფლებას დასთანხმდნენ, დასავლეთიც აღიარებს მათ პოლიტპატიმრებად. ასევე, ხელისუფლებას შეუძლია პლებისციტს დასთანხმდეს. უბრალოდ ფაქტია, რომ ხელისუფლებას არაფრის დათმობა არ სურს. რითაც სახელმწიფო ძალიან ზარალდება. აქედან გამომდინარე, მე ვასკვნი, რომ ჩვენ გვყავს აბსოლუტურად უპასუხისმგებლო და არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხელისუფლება. ოპოზიციას კი კარდინალური ცვლილებებისთვის ძალა არ შესწევს.  ამას ადასტურებს „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ კვლევები. ძალიან მძიმე სტატუს-კვოა, სამ ნაწილადაა გაყოფილი საზოგადოება. სამწუხაროდ, არ მაქვს პოზიტიური მოლოდინი.

-თქვენ შეეხეთ აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილ დაძაბულ ვითარებას. ამასთან დაკავშირებით საქართველოს შესაბამის უწყებებს განცხადებები არ გაუკეთებიათ, რაზე მიანიშნებს ეს?

პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ  ჩვენ ქვეყანას აქვს შანსი რეგიონში შექმნილი კრიზისული სიტუაცია ჩვენ სასარგებლოდ გამოიყენოს.  ჩვენ დასავლეთს უნდა ვაჩვენოთ, რომ მათთვის საჭირო დასაყრდენი ვართ. ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო სწორედ ამით უნდა იყოს დაკავებული. ამის ნაცვლად კი მმართველი გუნდის ლიდერები აბსურდულ შეფასებებს აკეთებენ ევროპარლამენტარების განცხადებაზე.  დღევანდელი ხელისუფლება სრულიად უმოქმედოა, მათ ეშინიათ მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა.  სწორედ, კრიზისის დროს უნდა გადაიდგას ამ ტიპის ნაბიჯები, პოზიციაც მკვეთრად უნდა დააფიქსირო, რათა დაანახო სტრატეგიულ პარტნიორს (ამ შემთხვევაში ამერიკასა და ევროპას) რომ მისთვის ხარ აუცილებელი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ამას არა თუ არ აკეთებენ, არამედ მეტიც, საქართველოს მთავრობის პოზიცია, პოზიციის არქონაა. სირაქლემას მსგავსად ქვიშაში თავის ჩარგვა მოიტანს იმას, რომ რადარებიდან გავქრებით. გარდა ამისა, უნდა აღვნიშნო, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან არსად არ წასულა. როცა ის პოლიტიკაში მოვიდა განაცხადა: „ჩვენ პატარა ერი ვართ, ამიტომ ჩუმად უნდა ვიყოთ, არავინ გავაბრაზოთ“. „ჩავიკეტეთ ჭორვილაში“, – ეს ვერ უშველის სახელმწიფოს! პირიქით, რაც უფრო აქტიური ხარ, უფრო მეტ ბენეფიტს იღებ. ასე სირაქლემის პოზაში ყოფნით, ვერაფერს ვერ მივიღებთ. ამ ნაწილში იკითხება ივანიშვილის ხასიათი, ფაქტობრივად სირაქლემას პოზაშია ჩვენი ქვეყანა.

ხელისუფლებას მეტი სიბრძნის გამოჩენას ვუსურვებ. ხშირად აღვიშნავ, რომ კრიზისის შექმნაზე ორივე მხარეა დამნაშავე, როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია. ოპოზიციამ ძალიან ხისტი პოზიცია დაიჭირა თავიდანვე, ჩემი აზრით, ეს იყო იმ სიტუაციისთვის არაშესაფერისი. თუმცა ხელისუფლების მხრიდან შემდეგ დავინახეთ ბევრად უფრო ხისტი ნაბიჯები. ამ მოცემულობაში მთელი პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა. რომ მოინდომოს, პატარა დათმობებით შეუძლია მშვიადად შეიყვანოს ოპოზიცია პარლამენტში ისე, რომ სახე არ დააკარგვინოს. ოპოზიციის პარლამენტში არ შესვლით კი ზიანდება ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის საარჩევნო კანონდმებლობის ცვლილება და სასამართლო რეფორმა. არ ვარ დარწმუნებული, რომ სასამართლო რეფორმას იდეალურად ჩავატარებთ, მაგრამ ოპოზიიცის მხრიდან კონტროლი უნდა იყოს, კონტროლის მექანიზმი კი გვაკლდება, როცა ოპოზიციას პარლამენტში წარმომადგენლობა არ გვყავს.

ავტორი: ნენე ინჯგია

banner
წინა სტატიაშიბოკერია: ათმაგად ვსაჭიროებთ ზეინტენსიურ კომუნიკაციას ხალხთან
შემდეგი სტატია,,არ დამიხრჩოთ ჩემი საფლავები” – ჰესის დამცველმა თავი მოიკლა