მაკვირვებს პრეზიდენტის გვერდზე გამოქვეყნებული სტატუსის პათოსი, ჩემს კომენტარში არც განწყობა, არც რაიმე ნიშანი, პრეზიდენტისადმი პატივისცემის ნაკლულევანებისა არ ყოფილა – ჯაღმაიძე

მაკვირვებს პრეზიდენტის გვერდზე გამოქვეყნებული სტატუსის პათოსი, ჩემს კომენტარში არც განწყობა, არც რაიმე ნიშანი, პრეზიდენტისადმი პატივისცემის ნაკლულევანებისა არ ყოფილა, – აღნიშნულია „ფეისბუქში“ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის გვერდზე.

„დღეს საქართველოს პრეზიდენტის გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსში საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის რანგში, ჩემდამი უკმაყოფილებაა გამოთქმული.

მაკვირვებს საქართველოს პრეზიდენტის გვერდზე გამოქვეყნებული სტატუსის პათოსი. ჩემს კომენტარში არც განწყობა, არც რაიმე ნიშანი, პრეზიდენტისადმი პატივისცემის ნაკლულევანებისა არ ყოფილა.

პრეზიდენტის თხოვნის თაობაზე, პატრიარქთან შეხვედრის სურვილის შესახებ, ჩემთვის ცნობილი გახდა ჟურნალისტის ზარის შემდეგ.

დავაზუსტე ამ თხოვნის ფაქტის შესახებ, და ყოველგვარი შეფასების გარეშე ჟურნალისტს გავეცი პასუხი:

– დიახ იყო ასეთი თხოვნა პრეზიდენტის მხრიდან, მაგრამ არ მოხერხდა. პრეზიდენტს დღეს სურდა შეხვედრა და არ მოხერხდა. ზოგადად პატრიარქთან შეხვედრა ყოველთვის არ არის შესაძლებელი. დაახლოებით ეს იყო საუბრის შინაარსი. ფაქტს ვერ დავმალავდი და გაუგებარია კონკრეტულად რა შენიშვნას მაძლევს პრეზიდენტი“, – აცხადებს დეკანოზი.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ მედიას განუცხადა, რომ პრეზიდენტს დღეს პატრიარქთან შეხვედრა სურდა, თუმცა შეხვედრის ორგანიზება ვერ მოხერხდა.

მოგვიანებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გვერდზე სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ პატრიარქის სურვილის გარეშე პრეზიდენტი არასდროს ასაჯაროებს შეხვედრის შესახებ ინფორმაციას, არც არასდროს მოუთხოვია კატეგორიულად კონკრეტულ დროს შეხვედრა. „მიზანშეწონილი არაა, რომ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი აკეთებდეს საჯარო კომენტარებს! მიგვაჩნია, რომ მან უნდა იცოდეს, როგორ მოიხსენიოს ქვეყნის პატრიარქი და პრეზიდენტი“, – ნათქვამია განცხადებაში.

წინა სტატიაშიფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეკა ჰაავისტო: დიდად ვაფასებთ ყველაფერს, რაც საქართველომ უკვე გააკეთა ევროპული პერსპექტივისთვის
შემდეგი სტატიასანქციების მე-7 პაკეტი აგრესორისთვის ისეთივე საგრძნობი უნდა იყოს, როგორც წინა ექვსი ერთად, ამის იმედი გვექნება – ზელენსკი