ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტი პირდაპირ რუსული კანონიდანაა გადაწერილი – რომან გოცირიძე

ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტი პირდაპირ რუსული კანონიდანაა გადაწერილი და მსოფლიოში არც ერთი დემოკრატიული სახელმწიფო არ არსებობს, სადაც მსგავსი კანონია შემოღებული, მათმა მცდელობამ კრახი განიცადა და კანონპროექტიც კი არ წარმოადგინეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

გოცირიძის განცხადებით, მმართველი გუნდს წინასაარჩევნო კამპანიისთვის სჭირდება ის თემა, რომელზეც საუბარი დაიწყეს.

„იციან, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ჰყავთ და საკონსტიტუციო ცვლილებებს ვერ განახორციელებენ, ეს მხოლოდ თემის შემოგდებისთვის სჭირდებათ. რატომ აინიცირებს საკონსტიტუციო ცვლილებას, თუ კონსტიტუციას ვერ ცვლი? – საჭიროა 113 ხმა და 90-იც არ აქვთ. 23 ხმას როგორ აგროვებ? – მათთვის ეს თემა არ არის მართლაც მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა მოატყუონ და რუსული პროპაგანდის ხერხებით წინასაარჩევნოდ ალაპარაკონ არა იმ პრობლემებზე, რაც ქვეყანაში არსებობს – სიღატაკე, ფასების ზრდა, ემიგრაცია და საშინელი მდგომარეობა, არამედ მოგონილ და არარსებულ პრობლემებზე. ეს მორიგი რუსული კანონის პროპაგანდისტულად გამოყენების მცდელობაა. არაფერი გამოუვიდათ, რადგან ხალხს ეს თემა არ აინტერესებს. არათუ ხალხს, „ქართულ ოცნებაშიც“ კი იმდენად რცხვენიათ ამ საკითხზე საუბრის, რომ ერთადერთი მოლაპარაკე, ე.წ. სპიკერი მდინარაძეა, რომელიც თემაშიც ვერ გარკვეულა და ტერმინოლოგიის დონეზეც ვერ ფლობს საკითხს. სად არიან „ქართული ოცნების“ ქალები, რატომ იმალებიან, რატომ არიან მდინარაძის ზურგს უკან ამოფარებულები? როგორც ერთ სიმღერაშია, „როცა მოგიხმობს პარტია“ – მოუხმობს პარტია და ადამიანებს, ვისაც საფრანგეთში უცხოვრია ან გავლით ყოფილა პარიზში და ახლა ჩუმადაა, აალაპარაკებს. მათ განცდებს და ღირსებას არავინ ანგარიშს არ გაუწევს. რატომ არ ლაპარაკობენ „ქართული ოცნების“ ქალები და რატომაა ერთადერთი მოლაპარაკე მდინარაძე? – იმიტომ, რომ რცხვენიათ“, – განაცხადა გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამიას სარჩელზე სტრასბურგის სასამართლოს უარით დადასტურდა, რომ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებაში ყველა სტანდარტი დაცული იყო – რატი იონათამიშვილი
შემდეგი სტატიაკიდევ კარგი, სტრასბურგი ტერიტორიულად შორს არის, თორემ შტურმით აიღებდნენ იქაურობას – გია ცაგარეიშვილი