ლევილის მამული საქართველოს გადმოეცემა

ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის აქტს ხელი დღეს, თბილისის დროით 17:30 საათზე, საფრანგეთის რესპუბლიკაში, დაბა ლევილის ტერიტორიაზე მოეწერება.

აღნიშნული ხელმოწერით 25-წლიანი ისტორიული პროცესი დასრულდება და მამული მის კანონიერ მემკვიდრეს – ქართველ ხალხს დაუბრუნდება.

პარიზიდან 37 კილომეტრში მდებარე 45 000 კვადრატული მეტრი ფართობის ისტორიული მამულის საქართველოსთვის გადმოცემის აქტს საქართველოს მთავრობის მხრიდან, ხელს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე მოაწერს, ხოლო ფრანგული მხრიდან აქტზე ხელმომწერნი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) მთავრობის წევრთა ოჯახების – ნოე ჟორდანიას, ნოე რამიშვილის, აკაკი ჩხენკელის, სამსონ ფირცხალავას, ევგენი გეგეჭკორის შთამომავლები და წარმომადგენლები იქნებიან.

ისტორიული აქტის ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში ეკატერინე სირაძე-დელონე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილი, ლევილის მერიისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრებიან.

ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის პროცესი 25 წელია მიმდინარეობს. მასში სხვადასხვა დროს უამრავმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

მამულის გადმოცემის მიზნით შექმნილმა სპეციალურმა პარიტეტულმა კომისიამ 2014 წლიდან განსაკუთრებით აქტიურად დაიწყო მუშაობა და ეს პროცესი ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტის ხელმოწერამდე მიიყვანა, რომელიც დღეს საფრანგეთის რესპუბლიკაში, ლევილის მამულში საზეიმოდ გაფორმდება.

banner
წინა სტატიაშიპაატა ბურჭულაძე : ივანიშვილი იგივე ლექსიკას იყენებს, რასაც სააკაშვილი მიმართავდა
შემდეგი სტატიაიან კელი : უმაღლესი რანგის პირებისგან მივიღეთ პირობა, რომ არჩევნები იქნება თავისუფალი