იან კელი : უმაღლესი რანგის პირებისგან მივიღეთ პირობა, რომ არჩევნები იქნება თავისუფალი

საპარლამენტო არჩევნებსა და წინასაარჩევნო პერიოდში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს საქართველოში შეერთებული შტატების ელჩმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა.

გიორგი მღებრიშვილმა იან კელის, არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტროს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს 30 სექტემბერს, შეერთებული შტატების ქალაქ ბალტიმორში დაგეგმილი შს სამინისტროს დელეგაციის ვიზიტის დეტალები.

„მთავარი საკითხი იყო არჩევნები. შინაგან საქმეთა მინისტრმა დეტალურად გამაცნო უწყების გეგმები, რომელიც უსაფრთხო და დაცული საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფას ეხება. განსაკუთრებით არჩევნების დღეს. ასევე ვისაუბრეთ ქართული მხარისთვის სანაპირო დაცვის ორი კატარღის გადაცემის თაობაზე. შეხვედრაზე აღვნიშნე, რომ ჩვენზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ის მშვიდი წინასაარჩევნო გარემო, რომელიც ქვეყანაშია. საარჩევნო კამპანიისას ჩანს, რომ განსაკუთრებული ფოკუსირება ხდება პრობლემებზე. რა თქმა უნდა, არის გარკვეული ინციდენტები, რაც აღელვებს არა მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოებას, არამედ საქართველოს მთავრობასაც. სწორედ ამაზე ვისაუბრეთ და უმაღლესი რანგის პირებისგან მივიღეთ პირობა, რომ ეს არჩევნები იქნება თავისუფალი, სამართლიანი და უსაფრთხო,“-განაცხადა იან კელიმ.

banner
წინა სტატიაშილევილის მამული საქართველოს გადმოეცემა
შემდეგი სტატიასულხან მოლაშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებს