კორონავირუსის სტატისტიკა მსოფლიოში უარესდება; გარდაცვალების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა პოლონეთში; საფრანგეთში ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 მილიონს მიაღწია; სლოვენიაში „ლოქდაუნის“ რეჟიმი გამკაცრდა

18 ნოემბერს, ბერლინის სამთავრობო უბანში, COVDI 19-ის გავრცელების შეკავების მიზნით, მოქმედი შეზღუდვების შესაძლო გამკაცრების წინააღმდეგ, საპროტესტო აქცია გაიმართა, – ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

მათივე ცნობით, პოლიციას, მომიტინგეების დაშლის მიზნით, წყლის ჭავლის გამოყენება მოუწია; რადგან პოლიციის მოწოდების მიუხედავად, საპროტესტო გამოსვლის მონაწილეებს არც პირბადეები ეკეთათ და არც სოციალურ დისტანციას იცავდნენ.

კორონავირუსის მსოფლიო სტატისტიკაზე საუბრისას ყურადღება გამახვილებულია შვეიცარიაში არსებულ ვითარებაზე, სადაც 18 ნოემბრის მდგომარეობით, კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე პაციენტებისათვის საჭირო ინტენსიური თერაპიის ყველა საწოლი (საერთო ჯამში 856 საწოლი) დაკავებულია.

ასევე, გარდაცვალების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა პოლონეთში, საფრანგეთში კი კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 2 მილიონს მიაღწია.

„18 ნოემბერს, პოლონეთში, გარდაცვალების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი – 603 ფაქტი დაფიქსირდა. ინფიცირების კი 19 883 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

17 ნოემბრის მონაცემებით, საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების 14 524 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გარდაცვალების 625 ფაქტი გამოვლინდა. საფრანგეთი ევროპის პირველი ქვეყანაა, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 2 მილიონს მიაღწია.

18 ნოემბერს, სლოვენიაში ეპიდემიოლოგიური საგანგებო მდგომარეობა, რომელიც 19 ოქტომბერს 1 თვის ვადით იყო შემოღებული, კიდევ 1 თვით გახანგრძლივდა. ასევე, გამკაცრდა „ლოქდაუნის“ რეჟიმი – საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა შეჩერდა. სასურსათო და პირველადი საჭიროების პროდუქტების სარეალიზაციო მაღაზიებისა და აფთიაქებისა გარდა, ყველა სხვა სავაჭრო ობიექტი დაიხურა

18 ნოემბერს, უკრაინაში, COVID-19-ით ინფიცირების 12 496 ახალი შემთხვევა და გარდაცვალების 256 ფატი დაფიქსირდა.
მეორე დღეა რუსეთში, COVID 19-ით გარდაცვლილთა რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. კერძოდ, 18 ნოემბერს, ქვეყანაში 456 პაციენტი გარდაიცვალა. თუმცა, ამავდროულად, ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა შემცირდა და დღე-ღამეში 20 985 შეადგინა; რუსეთის ვიცე-პრემიერ ტატიანა გოლიკოვას განცხადებით, 1-ლი ოქტომბრიდან, ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი 2,5-ჯერ გაიზარდა. მისი თქმით, ამჟამად, რუსეთში საწოლფონდის 81% უკვე ათვისებულია, ხოლო ზოგიერთ რეგიონში ეს მაჩვენებელი 90%-ს აღწევს;

17 ნოემბრიდან, თურქეთის პრეზიდენტ რეჯებ თაიფ ერდოღანის განკარგულებით, ქვეყანაში შეზღუდვები გამკაცრდა. სკოლები მიმდინარე სემესტრის ბოლომდე დაიხურა და სწავლება დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. შაბათ-კვირას 20:00 საათიდან 10:00 საათამდე პერიოდში კომენდანტის საათი დაწესდა. რესტორნები, სასურსათო მაღაზიები, სავაჭრო ცენტრები და სილამაზის სალონები მხოლოდ 10:00 საათიდან 20:00 საათამდე პერიოდში იმუშავებენ. აქამდე მოქმედი შეზღუდვა, რომლითაც 65 წელზე ასაკოვან პირებს გარეთ გასვლა მხოლოდ 10:00 საათიდან 16:00 საათამდე პერიოდში შეეძლოთ, 20 წლამდე ასაკის პირებზეც გავრცელდება. სპორტული ღონისძიებები მაყურებლების გარეშე ჩატარდება. კინოთეატრები მიმდინარე წლის ბოლომდე დაიხურა“, – წერს უცხოური მედია.

banner
წინა სტატიაშიშვედეთში ე.წ. ჯოგურმა იმუნიტეტმა არ გაამართლა, ქვეყანა მკაცრ შეზღუდვებს აწესებს
შემდეგი სტატიადეგნანი: პომპეომ მოუწოდა საქართველოს, განახორციელოს საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმა