კომპანია „ნენსკრა ჰიდრო“ ჭუბერში ტერიტორიების დატბორვასთან „ნენსკრაჰესის“ მშენებლობის კავშირს გამორიცხავს

კომპანია „ნენსკრა ჰიდრო“ ჭუბერში ტერიტორიების დატბორვასთან „ნენსკრაჰესის“ მშენებლობის კავშირს გამორიცხავს.

ამის შესახებ კომპანია სს „ნენსკრა ჰიდრო“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

„ნენსკრას“ ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელი კომპანია სს „ნენსკრა ჰიდრო“ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ა.წ. 5 ივლისს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში, მდინარე „ნენსკრას“ ერთ-ერთ შენაკადზე განვითარებული სტიქიური მოვლენის გამო, დაიტბორა სოფელ ჭუბერის ცენტრალური ნაწილი, ასევე დაზიანებულია გზები და ხიდები. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შექმნილი სიტუაცია „ნენსკრა“ ჰესის მშენებლობას უკავშირდება.

გვსურს განვმარტოთ, რომ 2018 წლის დასაწყისიდან დღემდე „ნენსკრა ჰესის“ მოსამზადებელი სამუშაოები არის სრულიად გაჩერებული. აღნიშნული სამუშაოები გულისხმობდა მხოლოდ არსებული გზებისა და ხიდების რეაბილიტაციას. გარდა ამისა, სტიქიური მოვლენა წარმოიშვა სამშენებლო ტერიტორიიდან 5 კილომეტრის ქვემოთ მდინარის მიმართულებით. შესაბამისად შექმნილი ვითარება „ნენსკრა ჰესის“ მშენებლობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

ამ მომენტისთვის სს „ნენსკრა ჰიდროს“ თანამშრომლებს აქვთ უწყვეტი კომუნიკაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან. შესაძლებლობების ფარგლებში, კომპანიის მიერ სასწრაფო წესით იქნება მობილიზებული ტექნიკა, რათა შესაბამისი დახმარება აღმოვუჩინოთ ადგილობრივ მოსახლეობას”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ჭუბერში მთის დიდი ნაწილის ჩამოშლის გამო, მდინარე ნენსკრა ადიდდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, წაღებულია ოთხი ხიდი, ასევე დატბორილია მდინარის გასწვრივ ტერიტორიები და ჭუბერის ცენტრი.

banner
წინა სტატიაშიაეროპორტში მოწამლული ერთი მოქალაქე ქირურგიის ეროვნულ ცენტრში მკურნალობას განაგრძობს
შემდეგი სტატიასპეციალისტები მაღალი ტემპერატურის გამო ქრონიკული დაავადებების გამწვავებების შესაძლებლობებზე საუბრობენ