სპეციალისტები მაღალი ტემპერატურის გამო ქრონიკული დაავადებების გამწვავებების შესაძლებლობებზე საუბრობენ

გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ლელა სტურუა აცხადებს, რომ მაღალი ტემპერატურის გამო, ქრონიკული დაავადებების გამწვავება ხდება. როგორც ლელა სტურუამ პირველ არხთან საუბრისას განაცხადა, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ბავშვებს, მოხუცებსა და ქრონიკული დაავადების მქონე პირებს.

„მოქალაქეებისთვის გვაქვს ძალიან მარტივი რეკომენდაციები. პირველ რიგში, უნდა შევინარჩუნოთ სიგრილე, მოვერიდოთ შუა დღეს გარეთ გასვლას. თუ აუცილებელი საქმე გვაქვს, უნდა გვეცვას ღია ფერის ტანსაცმელი, რომელიც მჭიდროდ არ გვექნება სხეულზე და ბუნებრივი ქსოვლისგან იქნება დამზადებული. სასურველია, ტანსაცმელი მთლიანად ფარავდეს სხეულს. აუცილებლად უნდა გვქონდეს თავსაბურავი. ასევე აუცილებლად დასაცავია თვალებიც, უნდა ვატაროთ მზის სათვალე, რუჯი მივიღოთ დილის 10 საათამდე და საღამოს 6 საათის შემდეგ. გამოვიყენოთ დამცავი კრემები, ვსვათ დიდი რაოდენობით სითხე, ძირითადად წყალი და ნატურალური წვენები. მოვერიდოთ გაზიან და ალკოჰოლურ სასმელებს. ყურადღება მივაქციოთ განსაკუთრებით ბავშვებს, მოხუცებს და ქრონიკული დაავადების მქონე პირებს“,-აცხადებს ლელა სტურუა.

მისივე თქმით, ქრონიკული დაავადების მქონე პირებმა, რომლებიც მედიკამენტოზურ მკურნალობაზე იმყოფებიან, აუცილებლად უნდა მიმართონ თავიანთ მკურნალ ექიმს, რადგან შესაძლებელია, გადაიხედოს მკურნალობის რეჟიმი, ან მედიკამენტის დოზა შეიცვალოს.

„დღეში რამდენჯერმე ვეცადოთ მივიღოთ გრილი შხაპი, თუ ამის საშუალება არ არის, სველი პირსახოცი ან ზეწარი გამოვიყენოთ. თუკი 35 გრადუსზე მაღალია ტემპერატურა და ვერ ვახერხებთ გაგრილებას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციაა, მითუმეტეს თუ პატარა ბავშვი გვყავს, წავიდეთ იქ, სადაც გრილა.
მაღალმა ტემპერატურამ შეიძლება გამოიწვიოს მზის დაკვრა, სითბური დაკვრა, დამწვრობა.” – განაცხადა ლელა სტურუამ.

banner
წინა სტატიაშიკომპანია „ნენსკრა ჰიდრო“ ჭუბერში ტერიტორიების დატბორვასთან „ნენსკრაჰესის“ მშენებლობის კავშირს გამორიცხავს
შემდეგი სტატიაგორში, დევნილებისთვის აშენებული კორპუსიდან თვითნებურად შეჭრილ ოჯახს ასახლებენ