კობა დავითაშვილი ვარაუდობს, რომ პირი, რომელიც მასზე თავდასხმაშია ბრალდებული, მოკლულია

ჩემი მკვლელობის მცდელობა დაგეგმილი და ორგანიზებული იყო საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ის კაცი მკვდარი მგონია, როგორც საშიში მოწმე, მოკლეს მაშინვე. ის გააქრეს იმ დღესვე, როცა იმჟამინდელი ხელისუფლების მამხილებელი ჩვენება მისცა პოლიციას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს კობა დავითაშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა.

დაზარალებული კობა დავითაშვილი დღეს, 2006 წელს მასზე განხორციელებული თავდასხმის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიკითხა. ის ვარაუდობს, რომ პირი, რომელიც მასზე თავდასხმაშია ბრალდებული და საერთაშორისო ძებნაში იმყოფება, მოკლულია.

„ეს არის 2006 წლის 7 ივნისის თავდასხმის საქმე, როცა სახეზე მკვლელობის მცდელობა იყო. ეზოში მკვლელი მომიგზავნეს და ამ თემითს ძალიან აქტიურად სპეკულირებდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რასაც დღესაც აგრძელებს. ცოტა ხნის წინ, მან განაცხადა, რომ რუსეთმა, პუტინმა და „ფეესბემ“ და მოამზადა კობა დავითაშვილზე თავდასხმა. დღეს ჩემი ვერსიის დამადასტურებელი ინფორმაცია მოვისმინე მეორე მხარის ადვოკატისგან. ჩემთვის ეს ფაქტი დღემდე უცნობი იყო. თურმე, მკვლელმა კურტაევმა 2006 წლის 7 ივნისს, საქართველოს პოლიციას, როგორც დაზარალებულმა მიმართა და თქვა, რომ ჩემი მეზობლები მას თავს დაესხნენ. ამ ადამიანმა, როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლების მფარველობის იმედით, ოფიციალურად პოლიციას მიმართა, რაც ჩემთვის ახალი გარემოებაა. ეს ადამიანი, რომელიც დაზარალებულად წარმოადგენდა თავს, იმჟამინდელმა ხელისუფლებამ გაუშვა, ეს კაცი კი არ იმალებოდა, პოლიციაში მივიდა და თქვა, რომ თავს აქეთ დამესხნენო. ეს ადასტურებს, რომ მკვლელობის მცდელობა დაგეგმილი და ორგანიზებული იყო საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ის მკვდარი მგონია, როგორც საშიში მოწმე, მოკლეს მაშინვე. ეს ადამიანი გააქრეს იმ დღესვე, როცა იმჟამინდელი ხელისუფლების მამხილებელი ჩვენება მისცა პოლიციას. მაშინ აგვიხსნას, მაშინდელმა შს მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა, როგორ შეიძლება კაცი, რომელიც პოლიციაში გამოცხადდა, როგორც მკვლელობის მომამზადებელი, რატომ გაუშვა პოლიციიდან?“, – განაცხადა დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კობა დავითაშვილზე თავდასხმა 2006 წელს განხორციელდა. აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულია გიორგი კურტაევი, რომელიც საერთაშორისო ძებნაში იმყოფება. საქმეზე სასამართლო განხილვები 2015 წელს დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი – ფრაქცია „პატრიოტებს“ სახელი შეეცვლება და „პატრიოტთა ალიანსი სოციალ-დემოკრატები“ ერქმევა
შემდეგი სტატიაძალიან გამიკვირდა გია ჟორჟოლიანი “პატრიოტთა ალიანსის” ფრაქციაში რომ გაწევრიანდა – გიორგი გაჩეჩილაძე