ხვიჩია – მტკივნეულია, როცა ციხეში ზიხარ და შენიანები სასაცილო ივენთებს აწყობენ

„გირჩის“ წევრის იაგო ხვიჩიას შეფასებით, საზოგადოებამ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩხუბი ბოლომდე უნდა აცადოს და რომ დაიღლებიან, შემდეგ მისცეს რჩევები.

ჟურნალისტებთან საუბარში იაგო ხვიჩია „ნაციონალური მოძრაობის“ აქციებს გამოეხმაურა.

„ადამიანები როცა გახურებული არიან და ჩხუბობენ, უნდა აცადო, ხოლო როცა დაიღლებიან, შემდეგ უნდა შესთავაზო გამოსავალი, რადგან ახლა გახურებული არიან და ჩხუბობენ, რაიმე რომ მოუწოდო, გამოდის, რომ მგლის თავზე კითხულობ სახარებას. ამიტომ, მოვუწოდებ, კარგად იჩხუბონ, მალე მორჩნენ, რადგან ხალხიც დაიღალა, ჩვენც დავიღალეთ. ახლა ჩხუბი უნდათ და ჩვენს საუბარს აზრი არ აქვს. იმედი ვიქონიოთ, რომ მათი ჩხუბის ბოლო დღეებია“, – განაცხადა ხვიჩიამ.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის დაცვის ხაზი არ მოსწონს.

„მის დაცვაზე პასუხისმგებელი პირი რომ ვიყო, ყველაფერს საპირისპიროდ გავაკეთებდი. სასამართლოში მჭერმეტყველების ვარჯიში არ არის საჭირო. თუ სასამართლო სხდომაზე სააკაშვილი არ არის, რისი იმედი გაქვს? სააკაშვილის იქ ყოფნას აზრი იმიტომ აქვს, რომ პიარსვლაა, ადამიანი გამოჩნდეს, მაგრამ იმ სასამართლოთი ხომ არ ველოდებით სააკაშვილი რომ გათავისუფლდება? მას ექვსი წელი აქვს მისჯილი და ამ სასამართლომ რა უნდა ქნას? შესაბამისად, მასში მონაწილეობას რა შინაარსი აქვს? როცა სასამართლოს სხდომაზე პატიმარი არც კი მოჰყავს, როგორ შეიძლება, ადვოკატი პროცესს მთელი დღე მართავდეს, ხომ უნდა მორჩე? – უნდა მიხვიდე, სათქმელი უთხრა, საერთოდ არ ცნო ისეთი სასამართლო, სადაც თავის დაცვის საშუალება ბრალდებულსაც კი არ აქვს და წამოხვიდე. ზუსტად იგივეა აქციებზეც. როცა ამბობ, ალყას შემოვარტყამ კანცელარიას, დავიკავებ თავისუფლების მოედანს, სახელმწიფო უწყებების პარალიზებას მოვახდენ, ეს მართლაც უნდა გააკეთო, თუ ამას აკეთებ. თუ ამბობ და არ აკეთებ, ეს სასაცილოდ გამოიყურება და როცა ციხეში ზიხარ, შენიანები სასაცილო ივენთებს აწყობენ, ეს მტკივნეულია.

თუ არ შეგიძლია, პატიმარი სასამართლო სხდომაზე მიიყვანო და გეშინია, არ გაგექცეს, ამაზე დიდი უუნარობა რა უნდა იყოს? მეორე მხრივ, თუ სასამართლო მიმდინარეობს და დაცული არ არის უფლება, რომ პატიმარმა თავი დაიცვას, თან ეს პატიმარი ამ სასამართლო სხდომაზე არც არაფერს იგებს და არც აგებს, არ მესმის, სხდომა რატომ ტარდება, დაცვის მხარე რატომ უშვებს იმას, რომ სასამართლოს იმიტაცია შექმნან და მასში მონაწილეობით სასამართლოს ლეგიტიმაცია მიანიჭოს“, – დასძინა ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაშიწულუკიანი – სტრაზბურგის გადაწყვეტილება ორივე მხარემ, როგორც მიხეილ სააკაშვილმა, ასევე სახელმწიფომ მოკლე ვადებში უნდა შეასრულოს
შემდეგი სტატიაწულუკიანი – მკაცრად ვგმობ უგულავას უღირს საქციელს, რომელიც ჩაგრავდა და აბულინგებდა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის შვილს