წულუკიანი – მკაცრად ვგმობ უგულავას უღირს საქციელს, რომელიც ჩაგრავდა და აბულინგებდა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის შვილს

მინდა, მკაცრად დავგმო გიგი უგულავას უღირსი საქციელი, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

„მინდა, გამოვეხმაურო „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა წარმომადგენელს, პირველ რიგში, ვგულისხმობ ბატონ გიგი უგულავას. სხვების განცხადებები შეიძლება, გამომრჩა და იყო მსგავსი. ჩვენ ვნახეთ, რომ ბატონი გიგი უგულავა რომელიღაც მორიგ მიტინგზე ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით – ბღაოდა, ჩაგრავდა და აბულინგებდა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის, ბატონი ორდენიძის შვილს. მე მინდა, მკაცრად დავგმო მისი ეს უღირსი საქციელი, მივმართო, პირველ რიგში, სწორედ იმ შვილს თუ შვილებს, რომლებიც ბატონი ორდენიძის ოჯახში იზრდებიან და ვუთხრა, რომ ისინი არიან საუკეთესო ბავშვები, რომ მათ ჰყავთ საუკეთესო მშობლები. მე ვიყავი იუსტიციის მინისტრი, ვმართავდი პენიტენციურ სამსახურს და ძალიან დიდ პატივს ვცემ ყველა თანამშრომელს, ვინც იქ ბევრს იტანს პატიმრებისგან, მათ შორის თქვენგან, ჟურნალისტებისგან ბევრს კრიტიკას. ეს მათი სამსახურია და მათ ამ გამძლეობისთვის ეკუთვნით მადლობა. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო პენიტენციური სამსახურის სამედიცინო პერსონალს, მეთვრამეტე დაწესებულების თითოეულ იმ თანამშრომელს, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ამ კონკრეტული პატიმრისგან, ბატონი მიხეილ სააკაშვილისგან იტანს აგრესიას, წიხლებს, უკადრებელს. ეს საჯარო მოხელის სამსახურია. ეს მძიმე სამსახურია, მაგრამ ჩვენი ვალია, რომ ამ ადამიანებს დავუფასოთ ეს შრომა, ვუსურვოთ გამძლეობა და მე პირადად მათ ვუხდი საჯაროდ დიდ მადლობას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიხვიჩია – მტკივნეულია, როცა ციხეში ზიხარ და შენიანები სასაცილო ივენთებს აწყობენ
შემდეგი სტატიაიუსტიციის მინისტრი – სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მისასალმებელი და ჰუმანურია